მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოება ნორმებს კვლავ არ შეესაბამება

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობაზე
მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშენებლო კომპანიები შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო 1,6 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. შრომის უსაფრთხოების ინსპექციის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 23 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში 117 სამშენებლო ობიექტი შეამოწმეს. აქედან ობიექტების ნახევარზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.

შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა სამშენებლო ობიექტების ყოველკვირეული შემოწმებები 23 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მშენებლობაზე ლიფტის დემონტაჟის დროს 16 წლის მოზარდი დაიღუპა.

„23 ივლისიდან 117 ობიექტი შევამოწმეთ. 60 ობიექტზე სამუშაო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის გამო შეჩერდა, დანარჩენმა ობიექტებმა გაფრთხილება მიიღეს ადმინისტრაციული სასჯელის სახით", – განაცხადა ფერაძემ.

აღნიშნულ პერიოდში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო საქართველოს ყველა სამშენებლო კომპანია ჯამში 1,6 მლნ ლარით დაჯარიმდა.

პოლიციური ლენტი - Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა შეკვეთილში: მშენებლობაზე მძღოლი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

შემოწმებების შედეგად გამოვლინდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა რისკების შეფასების არარსებობა, სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა; დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა); არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები; ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები; ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა; აღჭურვილობის გაუმართაობა; შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არყოლა; მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა; ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

12 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით სპეციალისტებმა 29 ობიექტი შეამოწმეს. ერთობლივი მონიტორინგი ჩაატარეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ და თბილისის მერიამ.

ყველა ობიექტი გაფრთხილებულია. მათ ხარვეზები 7-14 დღის განმავლობაში უნდა აღმოფხვრან. ამას გარდა, სამუშაო პროცესი შეაჩერეს 9 ობიექტზე, ხოლო 14-მა უნდა გადაიხადოს საერთო ჯამში 310 ათასი ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა.

ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა რკინიგზელი, რომელიც ზესტაფონში სამუშაო ადგილზე დაშავდა

1 სექტემბრიდან შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდება და ინსპექტორების რაოდენობა 40-დან 100-მდე გაიზრდება. მათ ნებისმიერ ობიექტზე გაუფრთხილებლად შესვლის და შრომის უსაფრთხოების კუთხით შემოწმების უფლება აქვთ. ასევე ყველა კომპანია ვალდებულია, სამუშაო ადგილებზე დანიშნოს უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც ვითარებას ადგილზე გააკონტროლებს.

შრომის უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფა საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით 2019 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა კანონს „შრომის უსაფრთხოების შესახებ" უფრო მაღალი – ორგანული კანონის სტატუსი მიანიჭა.

თუ კომპანიაში ოცამდე ადამიანია დასაქმებული, უსაფრთხოების სპეციალისტი კომპანიის დირექტორი შეიძლება გახდეს, მაგრამ ამისთვის მან აკრედიტებული პროგრამა უნდა გაიაროს. თუ თანამშრომლების რაოდენობა ოციდან ასამდეა, მაშინ დამსაქმებელი ვალდებულია, უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი დანიშნოს. 100–ზე მეტი თანამშრომლის შემთხვევაში კომპანიაში მინიმუმ ორი ადამიანისგან უნდა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სამსახური.

სამშენებლო კომპანიების დაჯარიმება გრძელდება>>

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 39 ადამიანი, მძიმე დაზიანებები მიიღო 37-მა.

ყველა ახალი ამბავი
0