თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. სოფელ რუხის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, „ფორდის“ მარკის სატვირთო ავტომანქანას მოტოციკლი შეეჯახა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
„მამაკაცი ტერმინალურ მდგომარეობაში, გულის გაჩერებითა და აპნოეთი შემოიყვანეს. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, რამდენიმე წუთში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა სულხან ორჟონიამ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს.