თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. თბილისში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა ტაშკენტის 10 ნომერში დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს. წაღებული ნივთების ღირებულებამ დაახლოებით 1000 ლარი შეადგინა.
დაცვის სამსახურმა დამნაშავეებს ვერ მიუსწრო, მათ მიმალვა შეძლეს.
„ვიდეოკამერები გვიყენია. ძალიან მშვიდად, 3-4 წუთის განმავლობაში რაც შეძლეს, ყველაფერი წაიღეს. რასაც ვერ მოერივნენ, ძირს დაყარეს და ტროტუარზე და სადარბაზოებში ვპოულობთ ნივთებს: ტანსაცმელს, სუნამოებს, სათვალეებს“, — აცხადებს მაღაზიის მეპატრონე ნინო ჩარკვიანი.
მისი თქმით, მაღაზიასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე გაქურდულია საცხობი და სილამაზის სალონი. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით აღიძრა. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.