თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. სვანეთის სოფელ ბოგრეშში ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეექვსე საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინეს, იუწყება „პირველი არხი“.
თსუ-ს არქეოლოგიის კათედრის პროფესორ ზვიად კვიციანის განცხადებით, ბოგრეშში, სადაც გათხრები ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყო, ნაპოვნია ნამოსახლარის იატაკი და ასევე ორნამენტებიანი კერამიკა, რომლითაც დგინდება კიდეც ნამოსახლარის თარიღი.
კვიციანის თქმით, 1979 წელს, როდესაც მესტია-უშგულის გზის გაფართოება მიმდინარეობდა, შემთხვევით იქნა აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი, რომელშიც ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები, სამაჯურები, მძივები, სატევრები, შუბის პირი და რამდენიმე ნივთი იყო.
მას შემდეგ ეს ადგილი ბოგრეშის სამაროვნად მიიჩნეოდა, მაგრამ 2012 წელს ჩატარებული გათხრებისას აღმოჩნა, რომ სამაროვანი გვიანი შუა საუკუნეების ზედა ფენა იყო, რომლის ქვემოთაც, სავარაუდოდ, ნამოსახლარი უნდა ყოფილიყო.
„წლევანდელმა გათხრებმა აჩვენა, რომ ეს არის ნამოსახლარი და არა სამაროვანი, ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეექვსე საუკუნეებისა“, — განმარტავს ზვიად კვიციანი.
არქეოლოგიური სამუშაოები ბოგრეშში 15 ივლისიდან დაიწყო. არქეოლოგის განცხადებით, სამუშაოები ტერიტორიაზე ამ დროისთვისაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.