თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. უკრაინის ქალაქ ოდესაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
1984 წელს დაბადებული ზ.მ. საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი მკვლელობისთვის იძებნებოდა.
სასამართლომ ზ.მ. 2005 წლის ოქტომბერში სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 203-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნო და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2009 წლიდან კი მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
როგორც აღმოჩნდა, ზ.მ. ოდესის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ყალბი პასპორტით სარგებლობდა.
საერთაშორისო ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ოდესაში პოლიციამ 30 ივლისს დააკავა.
ოდესის რაიონულმა სასამართლომ ის 40 დღით დააკავა, რის შემდეგაც ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
კიევში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია არ მოხდება >>
მის დაკავებას წინ უძღოდა საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და უკრაინის ეროვნული პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო დეპარტამენტის მიერ ერთობლივად ჩატარებული რამდენიმეთვიანი ინტენსიური ღონისძიებები.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები ტარდება.