თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყნის ექვსი ქალაქისთვის 100 ახალ ავტობუსს შეიძენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაიმართა.
ბახტაძემ განმარტა, რომ დღეისათვის საქართველოს ქალაქებში ერთ-ერთი ყველაზე „მტკივნეული გამოწვევა“ — საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობაა, არა მარტო თბილისში, არამედ ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.
მისი თქმით, მთავრობამ მასშტაბური ინვესტიციები მისცა თბილისის მერიას, რომელიც აქტიურად ანახლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
„თუმცა ანალოგიური პრობლემები საქართველოს სხვა ქალაქებშიც დგას. შესაბამისად, ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გვქონდა მოლაპარაკებები, რომლებიც წარმატებით დასრულდა და ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ჩვენ 100 ახალ ავტობუსს შევიძენთ“, — განაცხადა პრემიერმა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბანკი აპირებს გამოუყოს საქართველოს კრედიტი დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად. პროექტის ბიუჯეტი 11,8 მლნ ევროა, საიდანაც ბანკი 10 მლნ ევროს გამოყოფს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი პროექტის დამტკიცების საკითხს, სავარაუდოდ, 15 ოქტომბრისთვის განიხილავს. სახსრებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიღებს, ხოლო პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.