თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გეგმავს საქართველოს კრედიტი გამოუყოს, რომლითაც მოხდება დიზელის საწვავზე მომუშავე ახალი ავტობუსების შეძენა.
ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 100 ახალ ავტობუსს შეიძენენ ქუთაისის, გორის, თელავის, რუსთავის, ზუგდიდისა და ფოთისთვის.
პროექტის განხორციელება საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში იგეგმება. ბიუჯეტი 11,8 მლნ ევროა, საიდანაც EBRD 10 მლნ ევროს გამოყოფს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი პროექტის დამტკიცების საკითხს, სავარაუდოდ, 15 ოქტომბერს განიხილავს.
თანხას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიღებს. პროექტის რეალიზება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოხდება.