„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა საკუთარი პირობები წამოაყენეს

© Sputnik / Alex Shlamov"რუსთავი 2"
რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2“-ში მათი ადრე კუთვნილი წილის დაბრუნებას სასამართლოს გზით შეეცდებიან.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ქართული რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ 2004 წელს წინა ხელისუფლებამ ტელეარხის წილები დაათმობინა, მათთვის 40%-იანი წილის შეთავაზების თაობაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.

აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად  - Sputnik საქართველო
ქიბარ ხალვაში: დვალმა და აქიმიძემ ტელევიზიის წილების 40%-ზე უარი მითხრეს

აღნიშნული წილი მათ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა შესთავაზა, რომელმაც ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციაში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს.

საქმე ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლომდე მივიდა, რომელმაც ქართულ სამართალწარმოებაში დარღვევა ვერ იპოვა. „რუსთავი 2“-მა მფლობელი სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, 18 ივლისს შეიცვალა.

დღეს ტელეკომპანიის წილების 60% ქიბარ ხალვაშს, 40% კი მის კომპანია „პანორამას“ ეკუთვნის.

„2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს წარმატებით და მეთოდურად იკავებს 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მივიჩნევთ, რომ 30 ივლისს ჩვენთვის „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილის შემოთავაზებაც ამის დასტურია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აქიმიძემ პრესკონფერენციაზე წაიკითხა.

მისი სიტყვებით, ხელისუფლებამ პროკურატურას, რომელმაც ტელევიზიის მფლობელები დაზარალებულ მხარედ ცნო, შვიდი წლის განმავლობაში საქმის წარმოების საშუალება არ მისცა.

„ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს თაროზე შემოდებული, 2012 წელს დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის დაბრუნება მისი დამფუძნებლებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, რათა „რუსთავი 2“-მა დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების, თავისუფალი მედიის ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვინ დგას გაბუნიას სკანდალური განცხადების უკან? ვერსიები და „რუსთავი 2“-ის მიზნები>>>

1994 წელს დაარსებულ ტელეარხ „რუსთავი2“-ს მფლობელი ბევრჯერ შეეცვალა. ამჟამად კი ტელეკომპანია ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ტელეარხია.

დვალმა და აქიმიძემ ტელეკომპანია ეროსი კიწმარიშვილთან ერთად დააფუძნეს. კიწმარიშვილი გარდაცვლილია. დვალსა და აქიმიძეს 60% წილი ჰქონდათ.

სიტუაცია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ

რაც შეეხება ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე ბოლო მოვლენებს, მას შემდეგ, რაც 18 ივლისს ხალვაშმა „რუსთავი 2“ გადაიფორმა, საკუთარ უფლებებზე განცხადება გააკეთა თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პირველ ეტაპზე „რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღება მოითხოვა. სასამართლომ მისი სარჩელი არ მიიღო, რაც ოქრუაშვილის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
შეძლებს თუ არა ოქრუაშვილი „რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღებას

ოქრუაშვილის მტკიცებით, ხალვაში ტელევიზიის მხოლოდ ნომინირებული მფლობელი იყო, სინამდვილეში კი არხი მას ეკუთვნოდა. ამგვარად, მოსამართლეებს ახალი ჩახლართული საქმის გარჩევა მოუწევთ.

თავის მოთხოვნებს ოქრუაშვილი ასაბუთებს 2010 წელს ბერლინში ხელმოწერილი დოკუმენტით, რომლის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულების პირობების თანახმად, ხალვაშმა ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

ხალვაშის ადვოკატებმა დოკუმენტს ყალბი უწოდეს. უფრო მეტიც, მათ საქართველოს პროკურატურას მიმართეს მოთხოვნით, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოქრუაშვილის წინააღმდეგ ყალბი დოკუმენტების სასამართლოში გამოყენების გამო.

პარალელურად „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელები და ყოფილი გენერალური დირექტორი ამზადებენ სარჩელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატაში წარსადგენად, სადაც გაასაჩივრებენ საქმის ერთ-ერთ ნაწილს – მოსამართლეთა მიუკერძოებლობის შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0