ქიბარ ხალვაში: დვალმა და აქიმიძემ ტელევიზიის წილების 40%-ზე უარი მითხრეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად
აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად  - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“ უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია იყოს.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს — დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ქიბარ ხალვაშს დღეს შეხვდნენ. მოლაპარაკებებს ტელეკომპანიის დირექტორი პაატა სალიაც ესწრებოდა.  

„40% შევთავაზე, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე, თუმცა ხვალაც შეიძლება გაგრძელდეს ამაზე საუბარი. თვითონაც შემომთავაზეს წინადადება, რაც ფიქრს მოითხოვს“, — განაცხადა ქიბარ ხალვაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემაც.  

„სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ერთი ადამიანის ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე დამოკიდებული. ჩვენ მაინც ვიმსჯელებთ ადვოკატთან ერთად და პასუხი დასაბუთებული იქნება. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რაც ქიბარმაც დაადასტურა, კმაყოფილება არ გვეხატა“, — განაცხადა დვალმა.

ქიბარ ხალვაში - Sputnik საქართველო
რას უწუნებს ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს

დვალის განცხადებით, შეხვედრაზე სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით იდეები გაცვალეს და აღნიშნეს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, „რუსთავი 2“ უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია იყოს.

1994 წელს დაარსებულ ტელეარხ „რუსთავი2“-ს მფლობელი ბევრჯერ შეეცვალა. ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მფლობელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდა. სამი ინსტანციის ქართულ სასამართლოში მან დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს.

ამასთან ჯერ კიდევ 2017 წელს ხალვაში „რუსთავი2“-ის წილის 50%-ის გადაცემას ჰპირდებოდა დვალსა და აქიმიძეს, ხოლო ტელეარხის დაბრუნების შემდეგაც პირობის შესრულების მზადყოფნა გამოხატა. დვალმა და აქიმიძემ ტელეარხი აწ გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად დააარსეს. დვალი და აქიმიძე 60%-ს ფლობდნენ.

დვალმა აღნიშნა, რომ სურს იხილოს ტელეარხი დამოუკიდებელი და არა როგორც რომელიმე პარტიის საკუთრება. დვალი მიიჩნევს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, თუმცა ხალვაში საწინააღმდეგო თვალსაზრისს იზიარებს. მიუხედავად ამისა, ტელეარხის ძირითადი ჟურნალისტები ხალვაშს არ ენდობიან, აქტიურად აკრიტიკებენ საინფორმაციო გამოშვებებში და ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები „რუსთავი2“-ს სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუპორს უწოდებენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას კანონი იცავს.

დვალმა და აქიმიძემ „რუსთავი2“-ზე საკუთარი უფლებების შესახებ ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადეს, საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვებიდან სამი თვის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0