1 აგვისტოდან თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

გამოწერა
საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საპილოტე რეჟიმში კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალიდან ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ვისთვის იქნება საათობრივი პარკირება ფასიანი და ვისთვის – უფასო>>>

ზონალური პარკირება ქალაქის ზონებად დაყოფას და დიფერენცირებულ სატარიფო სქემას გულისხმობს. თუ მძღოლი ცენტრალურ უბანში თავისი ავტომობილით გადაადგილდება და ავტომობილის შენობასთან ახლოს გაჩერება სურს, პარკირებისთვის საათობრივი გადახდა მოუწევს. მძღოლს ექნება სხვა ალტერნატივაც – შეარჩიოს ადგილი, სადაც პარკირება უფასოა, ხოლო საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს.

„საპილოტე პროექტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს. კომპანიის თანამშრომლები ზონალური პარკირების არეალებში იმუშავებენ და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს კონსულტაციას გაუწევენ, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ფასიანი პარკირებით და როგორ გადაიხადონ. გარდა ამისა, ჩვენ განთავსებული გვქონდა საინფორმაციო ჯიხური მთელი ამ თვეების განმავლობაში იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს, იქ მცხოვრებლებს მიეღოთ სრული ინფორმაცია ამ ახალ რეფორმასთან დაკავშირებით", – განაცხადა კახა კალაძემ.

პარკინგი - Sputnik საქართველო
მძღოლების საყურადღებოდ! თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

თბილისის მერის განცხადებით, დაინტერესებულ პირს მობილურში უკვე შეუძლია ჩამოტვირთოს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მას ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილებისა და სხვა დეტალების გარკვევაში დაეხმარება.

„ყველა სმარტფონისთვის არის ეს აპლიკაცია და მისი მეშვეობით შესაძლებელია გადახდა. ძალიან მარტივი აპლიკაციაა. რუკაა წარმოდგენილი, სადაც მითითებულია ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილები. როდესაც შეხვალთ აპლიკაციაში, ნახავთ გადახდის მეთოდოლოგიას", – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მომავალში ეტაპობრივად სხვა ქუჩებსა და რაიონებზეც გავრცელდება.

საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასო იქნება. ამ მიზნით მოსახლეობამ ვებ-გვერდზე www.parking.tbilisi.gov.ge მისთვის სასურველი ავტომობილი უნდა მიუთითოს.

თბილისში პარკირების წესის დარღვევისთვის შეიძლება ახალი ჯარიმები დაწესდეს>>>

გავრცელებული ინფორმაციით, ფასიანი პარკირებები სამ – A, B და C ზონად დაიყოფა. პარკირების საფასური A ზონაში საათში ერთი ლარი იქნება, B ზონაში – ორი ლარი, ხოლო C ზონაში – სამი ლარი.

ფასიანი პარკირების ზონაში ავტომანქანის გაჩერება უფასო იქნება შემდეგი კატეგორიებისთვის:

• 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებთათვის;

• ელექტრომობილების მფლობელებისთვის;

• შშმ პირის საცნობი ნიშნის მქონე ავტომობილებისთვის;

• ტაქსებისთვის განსაზღვრულ ადგილებში ნებართვის მქონე ტაქსებისთვის;

თბილისის მერიამ ფასიანი პარკირების შემოღებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით Man-ის მარკის ახალი, მწვანე ფერის ავტობუსების დიდი ნაწილი ძველი თბილისის რაიონში, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ქუჩების მიმართულებით მოძრავ მარშრუტებზე გადაანაწილა. კერძოდ, ლესელიძის ქუჩაზე მოძრაობენ N50, N55 და N71 მწვანე ავტობუსები.

ზონალურ-საათობრივი პარკირება – ეს არის მოდელი, რომელიც ევროპის ყველა განვითარებულ, განსაკუთრებით გადატვირთულ ქალაქებში დიდი ხნის წინ დაინერგა. თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული სისტემა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით ერთ-ერთ ქმედით საშუალებად მიიჩნევა.

პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0