მძღოლების საყურადღებოდ! თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

© Sputnik / STRINGERპარკინგი
პარკინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქში საათობრივი პარკირების საფასური, სავარაუდოდ, საათში 50 თეთრიდან დაიწყება, რომელიც, შესაძლოა, ქუჩების მიხედვით კიდევ გაიზარდოს.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი საპილოტე რეჟიმში 1 ივლისის ნაცვლად 1 აგვისტოდან ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

რა ეღირება თბილისში საათობრივი პარკირება>>>

ზონალური პარკირება ქალაქის ზონებად დაყოფას და დიფერენცირებულ სატარიფო სქემას გულისხმობს. მაგალითად, თუ მძღოლი ცენტრალურ უბანში თავისი ავტომობილით გადაადგილდება და ავტომობილის შენობასთან ახლოს გაჩერება სურს, პარკირებისთვის საათობრივი გადახდა მოუწევს. მძღოლს ექნება სხვა ალტერნატივაც – შეარჩიოს ადგილი, სადაც პარკირება უფასოა და საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს.

კალაძის განცხადებით, დედაქალაქის საკრებულომ გასულ კვირაში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი დაამტკიცა, რომლის ინიციატორიც თბილისის მერიაა.

„ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანია ქალაქში „საცობებისა“ და ჰაერის დაბინძურების შემცირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდა და ჩვენი ავტობუსების ჩანაცვლება. პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს, 90 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ, 50 უკვე ადგილზეა და 40 დაახლოებით ერთ თვეში ჩამოვა. ავტობუსების შემოსვლა წლის ბოლოს მთლიანად დამთავრდება", – აღნიშნა მერმა.

მისი განცხადებით, რადგანაც საათობრივ პარკირებაზე გადასვლა პირდაპირ კავშირშია საპილოტე არეალის ახალი ავტობუსებით მომარაგებასთან, 1 ივლისის ნაცვლად ზონალური პარკირება 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

საგზაო ნიშნები - Sputnik საქართველო
თბილისში პარკირების წესის დარღვევისთვის შეიძლება ახალი ჯარიმები დაწესდეს

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე და აბანოთუბანში ამოქმედდება.

„მინდა გაგაცნოთ ის გამონაკლისებიც, რაც დავადგინეთ ზონალური პარკირების მიმართულებით: ადგილობრივ მცხოვრებლებს არ შეეხებათ საათობრივი პარკირება, ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის ასევე უფასო იქნება", – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქში საათობრივი პარკირების საფასური, სავარაუდოდ, საათში 50 თეთრიდან დაიწყება, რომელიც, შესაძლოა, ქუჩების მიხედვით კიდევ გაიზარდოს.

საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხა კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

რომელ ქუჩებზე დაწესდება პარკირების საათობრივი გადასახადი>>>

რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილზე უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით. გარდა ამისა, ყველა ავტომობილი უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხჯერ უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

ზონალურ-საათობრივი პარკირება – ეს არის მოდელი, რომელიც ევროპის ყველა განვითარებულ, განსაკუთრებით გადატვირთულ ქალაქებში დიდი ხნის წინ დაინერგა. თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული სისტემა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით ერთ-ერთ ქმედით საშუალებად მიიჩნევა.

პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0