თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საგუნდო ანსამბლ „დიდგორის“ უფასო კონცერტი თბილისის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში 29 ივლისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
კონცერტი კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდება, რომლის მიზანი საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციაა.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ანსამბლი „დიდგორი“ 2004 წელს დაარსდა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობითა და ინდივიდუალურობით გამოირჩევა.
ფოლკლორის ცენტრის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გალერეა, სადაც ქართული ტრადიციული კოსტიუმების ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.
გამოფენაზე ასევე გაიმართება ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ნამუშევრების გამოფენა „ეს ჩემი საქართველოა“.
ფოლკლორის ცენტრის ეზოში გამოფენები და კონცერტები 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, წმინდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი და რესტორანი Eco Garden–ი.