თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. მესტიაში მდინარე მულხურის ადიდების შედეგად რამდენიმე სოფელში ხიდები და გზები დაზიანდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მდინარე მულხურა მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიულ ერთეულში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა.
ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ჩვაბიანის შიდასასოფლო დანიშნულების ხიდი, სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს სამაგრები გამოაცალა, რის შედეგადაც სოფლისკენ გადაადგილება ამ დროისთვის შეუძლებელია.
ძლიერმა წვიმამ ასევე გამოიწვია სოფელ ჟაბეშისა და სოფელ ჩვაბიანის ღელეების ადიდება, რის შედეგად დაზიანებულია შიდა სასოფლო სამანქანო გზები და მიმდებარე ტერიტორიები.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი. სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.