თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სახელმწიფოსა და ინვესტორ ბანკებს შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოებს აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართული „თი-ბი-სი ჰოლდინგისა" და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებულია. კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).
რა ვითარებაა ანაკლიის პორტის ირგვლივ: მშენებლობა გრძელდება>>
ამჟამად კონსორციუმი პორტის მშენებელ კომპანიას ეძებს, რომელთანაც 15 აგვისტოს შეთანხმება უნდა გაფორმდეს.
„15 ოქტომბრისთვის ველოდებით წინასწარ პირობებს ბანკებიდან საკუთარი დაფინანსების მოზიდვის ნაწილში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ და იმედი გვაქვს, ეს პროცესი წარიმართება. თუმცა მინდა ასევე ვთქვა, ერთგვარი სიფრთხილითაც ალბათ უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რადგან უკვე ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბანკებთან გვქონდა მოლაპარაკება და რაც ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და ჯერ, სამწუხაროდ, კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან დიდი პროგრესი არ ჩანს", – განუცხადა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, სახელმწიფო ბანკებისა და კონსორციუმის ყველა პირობას დათანხმდა, გარდა ტვირთების კომერციული რისკების დაზღვევისა.
პორტის მუშაობის დაწყება 2021 წლისთვის არის დაგეგმილი, ანუ ორ წელიწადში იქ უკვე უნდა იყოს მოწყობილი მთელი ინფრასტრუქტურა გემების მისაღებად, ტვირთის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის. ამისთვის კი ფინანსებია საჭირო.
პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტია საჭირო. სახელმწიფომ 100 მლნ დოლარის კრედიტის პირობა დადო, ხოლო კონსორციუმს 120 მლნ საკუთარი ინვესტიციების ჩადება მოუწევს. დანარჩენი 400 მლნ კონსორციუმმა უცხოელი ინვესტორებისგან კრედიტის სახით უნდა მოიზიდოს.
ფინანსური გარიგება უნდა დახურულიყო 2017 წლის 15 აგვისტოს და ამის შემდეგ დაწყებულიყო მშენებლობის აქტიური ფაზა. თუმცა, კონსორციუმის ინიციატივით ეს ვადა რამდენჯერმე გადაიდო. ახლა ფინანსური გარიგების დახურვის ვადა 15 ივნისიდან კიდევ ნახევარი წლით გადაიდო.
ფინანსური გარიგება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დადგენილ ვადაში არ დაიხურება>>
ამასთან, ამ პროცესში სახელმწიფომ კონსორციუმს 11 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა პირველადი ვადების დარღვევისთვის უკვე აპატია.