თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების საღამოს საათებში ჩატარება ქალების დისკრიმინაციად შეაფასეს და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.
ვინ ჩაიბარებს საქართველოს სასამართლო სისტემას შემოდგომაზე უვადოდ? >>
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სხდომებს ხელმძღვანელობს დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელსაც არ აინტერესებს სხვა კოლეგების აზრი, არ აინტერესებს არც მისი და არც ანას მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სხდომები 19:00 საათის მერე არ უნდა ტარდებოდეს.
„19:00 საათის მერე გასაუბრება კანდიდატებთან არის არარაციონალური, უგუნური გადაწყვეტილება. გვრიტიშვილის ეს დამოკიდებულება არის პირდაპირ დისკრიმინაციული. მეც მყავს ოჯახი, მყავს ცხრა თვის შვილი და ბუნებრივია, როგორც ქალს მჭირდება ჩემს შვილთან ურთიერთობა“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს უმრავლესობაში მყოფმა საბჭოს წევრმა მამაკაცებმა, რომლებმაც არამოსამართლე წევრი ქალების ინტერესები საერთოდ არ გაითვალისწინეს.
„მათ ინტერესში და მათ მხედველობაში საერთოდ არ არის ის, რომ ვარ ქალი, რომ მყავს შვილი. აქ ვარ მთელი დღე, მინდა სხდომებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ გვრიტიშვილის გადაწყვეტილება ამის საშუალებას არ მაძლევს, ეს არის უთანასწორობა, ქალების მიმართ დიკსრიმინაციული მიდგომა“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
საბჭოს არამოსამართლე წევრმა სახალხო დამცველსაც მიმართა, რათა მან შეისწავლოს საბჭოში არსებული გარემოება და მიმდინარე მოვლენები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
„მივმართავ სახალხო დამცველს, რომელიც არის ანტიდისკრიმინაციული კანონის ზედამხედველი ორგანო, დაიწყოს ამ თემის შესწავლა. მივმართავ არასამთავრობო სექტორს, ვართ ორი ქალი წევრი, ორივეს გვყავს მცირეწლოვანი შვილები, ეს არის დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ", - განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ცდილობენ, გააჭიანურონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი.
„მეც მყავს წლინახევრის ბავშვი და მამა-მამას იძახის სულ", - აღნიშნა გვრიტიშვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მსურველების მიერ განაცხადების შეტანა 11 მაისს დაიწყო და 31 მაისს დასრულდა. განცხადება 114–მა კანდიდატმა შეიტანა, თუმცა, მოგვიანებით შვიდმა მათგანმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 50 კანდიდატი შეარჩია და მათ ნარკოლოგიური შემოწმების გავლა დაავალა. მათ შორის არიან საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.
კანდიდატების სია და შემოწმების შედეგები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც კანდიდატების შემოწმების შედეგებზე იმსჯელებენ, 8 ივლისს გაიმართება. ამის შემდეგ საბჭო საჯარო გასაუბრებებს დაიწყებს.
მას შემდეგ, რაც პრეტენდენტთა სია 20–მდე შემცირდება, თითოეულ კანდიდატს საბჭო ცალ–ცალკე უყრის კენჭს, რათა შემდეგ დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს. ამ სიაში მოხვდებიან ისინი, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების არანაკლებ 2/3–ს მიიღებს.
პარლამენტში უნდა გადაიგზავნოს არამარტო კანდიდატების სია, არამედ მათ შესახებ ინფორმაცია, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნა.
პარლამენტის დეპუტატები მოსამართლეთა ყველა კანდიდატს განიხილავენ და თითოეულს კენჭს ცალ-ცალკე უყრიან. მოსამართლე ის გახდება, ვინც დეპუტატთა 76 ან მეტ ხმას მიიღებს.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უარს იტყვის ამა თუ იმ კანდიდატის დამტკიცებაზე, მაშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც კანდიდატების შერჩევის მესამე ეტაპამდე ვერ მივიდნენ.