თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის 20 ვაკანტურ ადგილზე, სადაც მერამდენე თვეა კადრების ნაკლებობაა, 50 პრეტენდენტი შეარჩია.
საქართველოს გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს>>>
პროცესი გაჭიანურდა სკანდალის გამო, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს გაღვივდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლე კანდიდატების სია დასამტკიცებლად წარუდგინა. ამ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში“ ადანაშაულებდნენ.
საბოლოოდ მიღებული იქნა სიის გამოწვევისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავების გადაწყვეტილება, რათა მოსახლეობას დანიშნული მოსამართლეების ობიექტურობაში ეჭვი არ შეეტანა. კრიტერიუმები უკვე შემუშავებულია და ახალი პროცესი დაიწყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მსურველების მიერ განაცხადების შეტანა 11 მაისს დაიწყო და 31 მაისს დასრულდა. განცხადება 114–მა კანდიდატმა შეიტანა, თუმცა, მოგვიანებით შვიდმა მათგანმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 50 კანდიდატი შეარჩია და მათ ნარკოლოგიური შემოწმების გავლა დაავალა. მათ შორის არიან საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.
კანდიდატების სია და შემოწმების შედეგები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც კანდიდატების შემოწმების შედეგებზე იმსჯელებენ, 8 ივლისს გაიმართება. ამის შემდეგ საბჭო საჯარო გასაუბრებებს დაიწყებს.
მას შემდეგ, რაც პრეტენდენტთა სია 20–მდე შემცირდება, თითოეულ კანდიდატს საბჭო ცალ–ცალკე უყრის კენჭს, რათა შემდეგ დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს. ამ სიაში მოხვდებიან ისინი, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების არანაკლებ 2/3–ს მიიღებს.
პარლამენტში უნდა გადაიგზავნოს არამარტო კანდიდატების სია, არამედ მათ შესახებ ინფორმაცია, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნა.
პარლამენტის დეპუტატები მოსამართლეთა ყველა კანდიდატს განიხილავენ და თითოეულს კენჭს ცალ-ცალკე უყრიან. მოსამართლე ის გახდება, ვინც დეპუტატთა 76 ან მეტ ხმას მიიღებს.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უარს იტყვის ამა თუ იმ კანდიდატის დამტკიცებაზე, მაშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც კანდიდატების შერჩევის მესამე ეტაპამდე ვერ მივიდნენ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები შეიძლება გახდნენ 30 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან მოქმედი მოსამართლეები არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით; ასევე ყოფილ მოსამართლეებს პროფესიული მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილებით, რომელთა სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ არის გასული. ასევე კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს.