თბილისი, 27 მაისი - Sputnik. ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ შექმნა, „სამართლიანობისთვის“ ერქმევა.
ბესელიამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სკანდალით დატოვა. „სამართლიანობისთვის“ პარტიის დამფუძნებელთა შორის იქნებიან ბესელიას თანამოაზრეები - დეპუტატი გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე. პარტიის დამფუძნებელი კრება 20 ივნისს ჩატარდება.
„ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა „სამართლიანობისთვის“. სამართლიანობა, თავისთავად, ფასეულობაა. ესაა იდეა, მთავარი არსი და მიზანი, რომლის გამოც ჩვენ ახალ ეტაპს ვიწყებთ“, - განაცხადა ბესელიამ ბრიფინგზე.
დეპუტატი ახალ პოლიტიკურ პარტიაში ეპატიჟება ყველას, ვისთვისაც სამართლიანობის იდეა ფასეულობას წარმოადგენს.
„ჩემთვის ფასეულია ისეთ ადამიანებთან ერთად ბრძოლა, ვისთვისაც სამართლიანობა მთავარი მიზანია. ამიტომ ჩვენ ბევრნი ვართ და გვჯერა, რომ ეს პოლიტიკური ძალა 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობით არსებულ ვითარებას შეცვლის, ხელისუფლებას ჩაანაცვლებს“, - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ სასამართლო სკანდალის ფონზე დატოვა. ურთიერთობები თანაპარტიელებთან მას საბოლოოდ გაუფუჭდა 2018 წლის დეკემბერში, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია წარუდგინა.
ამ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში“ ადანაშაულებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სია გამოიწვია, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავება გადაწყვიტა, ბესელიას დარწმუნება კეთილ ზრახვებში უკვე ვერავინ შეძლო. მან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო.
შეძლებს თუ არა ეკა ბესელიას ახალი პარტია ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" ჩანაცვლებას >>
თებერვალში ბესელია გამოვიდა ინიციატივით 2025 წლის ბოლომდე შეჩერებულიყო მოსამართლეთა უვადო დანიშვნა საქალაქო, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო როდესაც კანონპროექტი ჩავარდა, მან მმართველი პარტია დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბესელია „ქართული ოცნების“ შექმნის სათავეებთან იდგა.
ბესელიას შემდეგ „ქართული ოცნება" დატოვეს დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა, კობა ნარჩემაშვილმა, ლევან კობერიძემ და მირიან წიკლაურმა. შედეგად კი „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. მაგრამ, როგორც ამას პარტიის ლიდერები აცხადებენ, საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ უკვე აღარ სჭირდებათ, რადგან ქვეყნის მთავარი კანონი უკვე განახლებულია.
რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, მათი შერჩევის კრიტერიუმები უკვე მიღებულია და პროცესიც დაწყებულია.