თბილისი, 25 მაისი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, რომელიც 2018 წლის ივლისში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგებიდან გარიცხეს, თავისი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა გადაწყვიტა.
დეპუტატი ეკა ბესელია ახალ პარტიას ქმნის >>
ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ თავისი კოლეგების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისამართით მკვეთრი განცხადებების გამო გარიცხეს. 2018 წლის სექტემბერში ის შეუერთდა ოპოზიციურ ფრაქციას „საქართველოს პატრიოტები“, ხოლო 2019 წლის თებერვალში დატოვა ის, რადგან დამოუკიდებელ დეპუტატად მოღვაწეობა ამჯობინა.
„22 ივნისს პოლიტიკური მოძრაობის შექმნა ოფიციალურად გამოცხადდება. დამფუძნებელი ყრილობა იქნება შემოდგომით, სექტემბერ-ოქტომბერში. ახლა შემოვივლით ყველა რეგიონს, შევატყობინებთ მომხრეებს შექმნის შესახებ, შევხვდებით და შევხედავთ, რეალურად როგორი ბაზა გაგვაჩნია“, - უამბო ჭიჭინაძემ „Sputnik-საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
დეპუტატის თქმით, მის პოლიტიკურ მოძრაობაში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ყოფილ ხელმძღვანელებს ვიხილავთ.
„ჩვენ გვექნება მემარცხენე კონსერვატიული იდეოლოგია. რადგან ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საქმიანობის ტრადიციული სფეროები. საქართველო უნდა გახდეს ტრადიციული, კონსერვატიული სახელმწიფო... ნაკლები ლიდერი და მეტი ადამიანი, რომელიც ხალხთან მუშაობს და ადგილებზე ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
მან თავის ერთ-ერთ მიზნად შობადობის შემცირებისა და ქვეყნიდან მიგრაციის ზრდის პრობლემების გადაჭრა დაასახელა.
„ჩვენ გვიახლოვდება ყველა ის პრობლემა, რომელიც მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ქვეყნებს ახასიათებს. ამიტომ გამოსავალი უნდა ვეძებოთ სხვა ეკონომიკურ მოდელში და სახელმწიფოს მოწყობის სხვა მოდელში“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.
მესამე ძალა? მოძრაობა „დაიცავი საქართველომ“ ახალი თამაში დაიწყო >>
გაერთიანებას ეკა ბესელიასთან, რომელმაც მმართველი პარტია თებერვალში სკანდალის ფონზე დატოვა და ახლა საკუთარი პარტიის შექმნას გეგმავს, ის არ აპირებს.
„ჩვენ კონკურენტები არ ვართ, ჩვენ - აბსოლუტურად სხვა იდეოლოგიის პარტია ვართ და აბსოლუტურად სხვა სეგმენტს ვფარავთ. ჩვენ ძირითადად ეკონომიკური მოთხოვნები გვაქვს... და რეალურად, ვერ ვხედავ იდეოლოგიურ მსგავსებას, რის გამოც უნდა გავერთიანდეთ“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ სასამართლო სკანდალის ფონზე დატოვა. ურთიერთობები თანაპარტიელებთან მას საბოლოოდ გაუფუჭდა 2018 წლის დეკემბერში, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია წარუდგინა.
ამ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში“ ადანაშაულებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სია გამოიწვია, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავება გადაწყვიტა, ბესელიას დარწმუნება კეთილ ზრახვებში უკვე ვერავინ შეძლო. მან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო.