თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ იულია სუსლიაკს დღეს საქართველოში შემოსვლაზე უარი მეორედ ეთქვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი თავისუფალია >>
დღეს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებული უკრაინის მოქალაქე აზერბაიჯანიდან საქართველოში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის ქართველმა მესაზღვრეებმა მატარებლიდან აიყვანეს და საქართველო-აზერბაიჯანულ საზღვარზე მდებარე „ვახტანგისის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გადაიყვანეს. საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. მიზეზად დასახელდა არასაკმარისი ფინანსური რესურსები და დაზღვევის არქონა. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გაემგზავრა სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა, რომელიც მესაზღვრეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის და ფინანსების საკითხი მოგვარდა, სუსლიაკს ქვეყანაში შემოსვლაზე მეორედაც ეთქვა უარი.
„ოფიციალური მიზეზი არის ის, რომ მე ვითვლები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ. ჩემი ადვოკატების მიერ ოფიციალური ბრიფინგი ხვალისთვის იგეგმება“, - აცხადებს იულია სუსლიაკი და ასახელებს იმ გვარებს, რომლის გაჟღერებასაც ის თავად გეგმავდა მის საქმესთან მიმართებაში. სუსლიაკის თქმით, ესენი არიან პროკურორები, თეა გიორგაძე და მარიამ გოგორელიანი.
ადვოკატ თოდუას თქმით, ხვალ 13:00 საათზე ის გამართავს ბრიფინგს, რომელზეც გამოძიების დეტალებზე ისაუბრებს.
„ვიდეო ფაილები მაქვს რაღაც ისეთი, რასაც მალავდა პროკურატურა, მაგრამ ფაილებში, რომელიც მე ძალით წავართვი იმათ, მე აღმოვაჩინე ბავშვებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები,“ - განაცხადა თოდუამ „რუსთავი2“-ის ეთერში.
სუსლიაკი საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. იგი ხვალ ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, რომელზეც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმეში ჩართული იყო, მას აყალბებდა და სუსლიაკზე ზეწოლას ახორციელებდა.
შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკის საქმე შეწყვეტილი არ არის და ის გამოსაძიებლად სრულად გადაეცა უკრაინის მხარეს. თავად სუსლიაკი კი ამბობს, რომ ის უკრაინაში არ დაბრუნდება, სანამ საქართველოში არ აღადგენს სამართლიანობას და მის შელახულ რეპუტაციას.
უკრაინის 37 წლის მოქალაქე იულია სუსლიაკი 8 აპრილს მოსკოვიდან ათ არასრულწლოვანთან ერთად ჩამოვიდა. სუსლიაკი ტრეფიკინგის ბრალდებით 26 აპრილს დააკავეს. გამოძიება ამტკიცებდა, რომ ის ბავშვებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე აპირებდა გადასვლას. სწორედ იქ იმყოფება მისი მეუღლე იური სუსლიაკი.
საქართველოში ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ათი ბავშვიდან იულია მხოლოდ ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, დანარჩენი ბავშვები სუროგატმა დედებმა გააჩინეს. რაც შეეხება იური სუსლიაკს, ის ათივე ბავშვის მამაა. ეს არის ოჯახის ადვოკატის მთავარი არგუმენტი, რომ ბავშვების არანაირი ყიდვა-გაყიდვა არ ყოფილა და, შესაბამისად, იულია უდანაშაულოა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იულია სუსლიაკი ბავშვებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.
მან მასმედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ათივე ბავშვი კვებითი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა.
მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებული ბავშვების მიმართ აგრესიას ავლენდა და მათ ცუდ პირობებში ამყოფებდა. ბავშვების უგულებელყოფის ფაქტზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისგან განცალკევების გადაწყვეტილება.
საქმე ამით არ დასრულებულა. შსს-მ საეჭვოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს იყო დაბადებული და გამოძიება დაიწყო. უფრო მეტიც, გამოძიების დასაწყისში სამინისტრომ განაცხადა, რომ ეძებს მე-11 ბავშვს, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ ქალმა უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვი წაიყვანა, საქართველოში კი 10 ბავშვით ჩამოვიდა.
იულია სუსლიაკის მეუღლის იური სუსლიაკის მტკიცებით, ცხრა თვის ბავშვი რუსეთში გარდაიცვალა და ოჯახს გააჩნია მტკიცებულებები – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
პროკურორი თეა გიორგაძე, თავის მხრივ, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ პროკურატურას გააჩნია უცხოეთიდან მიღებული დოკუმენტი, რომელიც ბავშვის გაყიდვის ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, ეს დოკუმენტი გახდა საფუძველი, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეს ბრალი წარედგინა.
პარალელურად გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაშიც, სადაც გაირკვევა, თუ ვინ გადაუხადა სუროგატ დედას თანხა და ვინ იყო შუამავალი.