ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა და მათ პასუხს ელოდება

© AP Photo / Shakh Aivazovირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს კომპანიის წილის 80% შესთავაზა, რათა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ დავა თავად ჟურნალისტებმა გააგრძელონ.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა და თავისი შემოთავაზება გააცნო, იუწყება პირველი არხი მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელზე, ანა რეხვიაშვილზე დაყრდნობით.

ოქრუაშვილი: „დავით დვალს მილიონ ორასი დოლარი გადავუხადე“ >>

მისი თქმით, ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს კომპანიის წილის 80% შესთავაზა, რათა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ დავა თავად ჟურნალისტებმა გააგრძელონ. ჟურნალისტებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს. თავად ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ეს წინადადება ემსახურება არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

ოქრუაშვილის წარმომადგენელმა, იურისტმა გია ზოდელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის აქციების დაყადაღების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

„გუშინ ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ში 100-პროცენტიანი წილის რეალური მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილი შეხვდა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. ჟურნალისტებს შესთავაზა, ტელეკომპანიის 80% გადასცეს ათიოდე ჟურნალისტს. ირაკლი ოქრუაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, „რუსთავი 2“-მა გააგრძელოს ფუნქციონირება როგორც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელმა ტელეკომპანიამ იმ სარედაქციო პოლიტიკით და გუნდით, რომლებიც მრავალი წლებია, ქმნიან და ავითარებენ ამ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტსა და თავისუფლების პლატფორმას. ჟურნალისტებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს“, - აცხადებს რეხვიაშვილი.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მოთხოვნების შესრულებაზე უარს აცხადებს

ოქრუაშვილის მტკიცებით, 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, რომელიც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანიის კანონიერ მფლობელად აღიარა. ხალვაშის ადვოკატი და ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტი, რომელზეც ოქრუაშვილი საუბრობს, გაყალბებულია.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ არხის ჟურნალისტებს ხალვაშის დავალებით არხის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალიაც შეხვდა. ახალმა დირექტორმა მათ შეატყობინა, რომ ხალვაში მათი მოთხოვნების შესრულებაზე უარს აცხადებს.

რატომ მოითხოვს ოქრუაშვილის დაკითხვას „რუსთავი2“-ის დამფუძნებელი >>

შეგახსენებთ, რომ ტელეარხ „რუსთავი2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარასკევს ახალ მფლობელსა და დირექტორს განცხადებით მიმართეს და სამპუნქტიანი მოთხოვნები წაუყენეს. მოთხოვნებს შორის არის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შევიდოდნენ, საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმის შემოღება და ასევე გასართობი გადაცემების წამყვანების და სარედაქციო გუნდის უცვლელად დატოვება.

 

ყველა ახალი ამბავი
0