თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ყველას არწმუნებს, რომ არავის გათავისუფლებას არ აპირებს, მათ შორის, არც სკანდალურად ცნობილ გიორგი გაბუნიას, რომელსაც პროგრამა „პოსტსკრიპტუმი“ მიჰყავს.
ვინ დგას გაბუნიას სკანდალური განცხადების უკან? ვერსიები და „რუსთავი 2“-ის მიზნები>>
დაახლოებით ორი კვირის წინ ტელეარხი „რუსთავი2“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო გადაცემაში უკიდურესად მძიმე ფორმით, უწმაწური ლექსიკის გამოყენებით, შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის გარდაცვლილ მშობლებს.
„ამ შემთხვევაში მომხრე-მოწინააღმდეგე არაფრის არ ვარ. მე ვთქვი, დავაფიქსირე პოზიცია, რომ ყველა რჩება თავის ადგილას. ქიბარ ხალვაშის პოზიცია იყო ეს, რომ ყველა რჩება თავის ადგილას. ეს ეხებოდა უკლებლივ ყველას, გარდა ნიკა გვარამიასი. დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული“ – განაცხადა პაატა სალიამ Palitra TV–ს ეთერში.
„პოსტსკრიპტუმის“ სკანდალური გამოშვების შემდეგ, რომელმაც მთელი ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო და საქართველოში პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია, არხის ხელმძღვანელობამ გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.
სალიას განცხადებით, თვითონ გაბუნიას მისი დანახვა არ გახარებია.
„ჩემი ნახვით გახარებული ვერ იქნებოდა და არ იყო, თუმცა რეალობა ეს არის,“ – განაცხადა პაატა სალიამ.
რა ინფორმაცია მიაწოდა „რუსთავი 2"-ის ფინანსურმა დირექტორმა პაატა სალიას>>
სალიას „რუსთავი2“–ის გენერალური დირექტორის თანამდებობა უკვე მეორე დღეა, უკავია. ის აქტიურად მართავს შეხვედრებს ტელეარხის თანამშრომლებთან. ჯერ კიდევ ხუთშაბათს მან განაცხადა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება.
ტელეარხმა მფლობელები და ხელმძღვანელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიცვალა.
ხუთშაბათს, 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია. „რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2" ოფიციალურად გადაიფორმა. გარდა ამისა, შეცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი – ნიკა გვარამიას პოსტზე საკუთარი ადვოკატი პაატა სალია დაინიშნა.
„რუსთავი2“–ის თანამშრომლების დამოკიდებულება ახალი გენერალური დირექტორის მიმართ უარყოფითია. ისინი მას არა ტელეარხის ხელმძღვანელად, არამედ ხალვაშის ადვოკატად მოიხსენიებენ.
ტელეარხის წამყვანმა ჟურნალისტებმა და სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ სალიას ნდობას მხოლოდ მას შემდეგ გამოუცხადებენ, როგორც კი ის მათთან გრძელვადიან კონტრაქტებს გააფორმებს.
ამის პასუხად სალიამ აღნიშნა, რომ ტელეარხის მფლობელს პრეტენზიები მხოლოდ გვარამიასთან აქვს, სხვებს საკადრო ცვლილებები არ შეეხება, თუმცა, კონტრაქტების გაფორმებაზე საუბარი ნაადრევია.
ამავე დროს, პარასკევს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე საკუთარი უფლებების შესახებ განაცხადა. მისი ინტერესების წარმომადგენელმა გია ზოდელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.