რა ინფორმაცია მიაწოდა „რუსთავი 2"-ის ფინანსურმა დირექტორმა პაატა სალიას

გამოწერა
ტელეკომპანიის ახალმა გენდირექტორმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. პაატა სალიამ, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სათავეში ჩაუდგა რეიტინგულ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს, ტელეკომპანიის ფინანსურ დირექტორ ირაკლი ნიჟარაძესთან შეხვედრა გამართა, რომელიც მას ყველა საჭირო ინფორმაციის გადაცემას დაჰპირდა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: სტრასბურგის გადაწყვეტილება და მედიაპლურალიზმი საქართველოში

ხუთშაბათს, 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია. „რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2" ოფიციალურად გადაიფორმა. გარდა ამისა, შეცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი – ნიკა გვარამიას პოსტზე საკუთარი ადვოკატი პაატა სალია დაინიშნა.

„ჩემი პირველი ამოცანა – ვითარებაში გარკვევა, იმ ადამიანების გაცნობაა, ვინც ძირითად პოზიციებს იკავებს. შემდეგ ეს ადამიანები მათ დაქვემდებარებაში მყოფთ გამაცნობენ. ასევე პარალელურად განვახორციელებ ქმედებებს, რომლებიც კომპანიის ყოველდღიურ ცხოვრებაშია საჭირო – ურთიერთობებს ბანკებთან, კრედიტორებთან და ა.შ.", – განაცხადა სალიამ შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ტელეკომპანიის ფინანსურმა დირექტორმაც.

„მე მას უბრალოდ ვუთხარი იმ კორპორატიული კულტურის შესახებ, რომელიც ამ კომპანიაშია და თითოეული თანამშრომელი გრძნობს. მას აინტერესებს არხის ფინანსური მდგომარეობა და დროთა განმავლობაში გაეცნობა. ეს ინფორმაცია მისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2" ახალ რეალობაში: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და რეაქცია საქართველოში

„რუსთავი 2"-ში სალიას პირველი ვიზიტი გუშინ ჰქონდა. ტელევიზიაში იგი პირველ რიგში ნიკა გვარამიას შეხვდა, რათა, როგორც თავად აღნიშნა, გენერალური დირექტორის უფლებამოსილებები „ცივილური ფორმით" გადაებარებინა. პასუხი ხისტი აღმოჩნდა. შედეგად – დიალოგის ნაცვლად იყო კამათი. არხის ჟურნალისტებმა და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებმა კი განაცხადეს, რომ მზად არიან სალიას ნდობა გამოუცხადონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი მათთან გრძელვადიან კონტრაქტებს გააფორმებს.

პასუხად სალიამ აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის მფლობელს პრეტენზია მხოლოდ გვარამიასთან დაკავშირებით აქვს, სხვა საკადრო ცვლილება არ იგეგმება, თუმცა, კონტრაქტების გაფორმებაზე საუბარი ჯერ ადრეა.

ამ დროისთვის ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებებში სალიას არა ტელეკომპანიის ხელმძღვანელად, არამედ ქიბარ ხალვაშის ადვოკატად მოიხსენიებენ.

ადრე ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება.

ყველა ახალი ამბავი
0