თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. 20-21 ივნისის ღამეს თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს გიორგი ესიაშვილს 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
20 ივნისის ღამით საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 240 ადამიანი დაშავდა.
ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს სრულად გადახდის შემდეგ დატოვებს. ასევე შემზღუდავ ღონისძიებად დაეკისრა კვირაში ერთხელ შესაბამის სამსახურში გამოცხადება და საცხოვრებელი ადგილის მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების შემდეგ დატოვება.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ამ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მხარეების შუამდგომლობა.
ბრალდების მხარე პატიმრობას, ხოლო დაცვა გირაოს მინიმალური ოდენობით გამოყენებას ითხოვდა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდება მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით გაასაჩივრებს. შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი 16 ივლისს დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შსს-ს თანამშრომელმა, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად განხორციელებული ღონისძიებების დროს იარაღის გამოყენებით, „გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს.
გიორგი ესიაშვილმა წარდგენილი ბრალდება ნაწილობრივ აღიარა. თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ წინასწარ არ ჰქონია ვინმესთვის სხეულის დაზიანების მიყენების განზრახვა.
მანამდე ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის შსს-ს სხვა თანამშრომელი დააკავეს.
უფრო ადრე ძალის გადამეტების საქმის ფარგლებში უფლებამოსილება ათ პოლიციელს შეუჩერდა, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს.
მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება საქართველოში ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.
ამ დროისთვის დაკითხულია ასობით ადამიანი, მიმდინარეობს ვიდეო- და აუდიომტკიცებულებების დამუშავება და ანალიზი, ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი სამხილები, მათ შორის პოლიციელების მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ აღიძრა კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა და ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მცდელობა.