თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. 20-21 ივნისის ღამეს თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს თანამშრომელს აქციის დაშლის საქმეზე ბრალი წარუდგინეს >>
20 ივნისის ღამით ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შსს-ს თანამშრომელმა, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად განხორციელებული ღონისძიებების დროს იარაღის გამოყენებით, „გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს“.
პროკურატურამ უკვე განაცხადა, რომ სასამართლოზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
ორშაბათს ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის შსს-ს სხვა თანამშრომელი დააკავეს.
უფრო ადრე ძალის გადამეტების საქმის ფარგლებში უფლებამოსილება ათ პოლიციელს შეუჩერდა, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს.
მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება საქართველოში ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.
ამ დროისთვის დაკითხულია ასობით ადამიანი, მიმდინარეობს ვიდეო- და აუდიომტკიცებულებების დამუშავება და ანალიზი, ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი სამხილები, მათ შორის პოლიციელების მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ აღიძრა კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა და ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მცდელობა.
ამ ეტაპზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდება წაუყენეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილების გარეშე.
გარდა ამისა, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რვა პირი დააკავეს.