თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მიქელანჯელო ბუონაროტის სახელობის საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო (Premio Internazionale Michelangelo Buonarroti 2019) ქართველმა მხატვარმა ნათია მხეიძემ მიიღო. ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა.
ხელოვნების სფეროში მიქელანჯელო ბუონაროტის ჯილდო ყველაზე პრესტიჟულად მიიჩნევა. ის დააწესა კულტურულმა ასოციაციამ Arte Per Amore და მოწოდებულია, წაახალისოს ხელოვნების ნიჭიერი მოღვაწეების განვითარება და გააღრმავოს კულტურული დიალოგი სხვადასხვა ქვეყნის მხატვრებს შორის.
კონკურსის ორგანიზატორები განაცხადებს იღებენ იტალიელი და უცხოელი მხატვრების, პოეტების, მწერლების, მოქანდაკეებისგან. ამასთან, განიხილება როგორც პროფესიონალების, ისე მოყვარულების განაცხადები ასაკისგან დამოუკიდებლად.
ჟიური გამარჯვებულებს რამდენიმე სექციაში ირჩევს. მათ შორისაა პოეზია, ფერწერა, ქანდაკება, ფოტოგრაფია და პროზა. პრემია ასევე გადაეცემათ ხელოვნების მოღვაწეებს ესთეტიკურ და მხატვრულ შემოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის. დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, რომში იმართება.
ნათია მხეიძე საქართველოში და უცხოეთში ცნობილი მხატვარია. ის გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. არის ქართველი მოქანდაკის, მხატვრისა და პედაგოგის, ლევან მხეიძის ქალიშვილი.
მხეიძე აქტიურად მართავს პერსონალურ გამოფენებს საქართველოში და საზღვარგარეთ.