სუმბაევს საქართველოში თავშესაფარს მისცემენ? – პროკურატურამ ექსტრადირების პროცესი შეაჩერა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატმა ზურაბ თოდუამ ადრე განაცხადა, რომ სუმბაევი აღიარებს რუსეთში ჩადენილ კიბერდანაშაულს, თუმცა უარყოფს გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობაში მონაწილეობას.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დროებით შეაჩერა რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირების პროცესი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს პროკურატურაზე დაყრდნობით.

ინტერპოლით ძებნილი სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის 13 ნოემბერს ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის თხოვნით მიმართა. ამის შემდეგ სუმბაევმა საქართველოში თავშესაფარი მოითხოვა. 2019 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სუმბაევის რუსეთში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ადვოკატებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში რუსი ჰაკერი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ ექსტრადიციის ნაწილი უცვლელი დატოვა, თუმცა დროებით შეაჩერა, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო სუმბაევისთვის საქართველოში თავშესაფრის მიცემის საკითხს იხილავს.

როგორც ადრე ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა, სუმბაევი აღიარებს რუსეთში ჩადენილ კიბერდანაშაულს, თუმცა უარყოფს გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობაში მონაწილეობას.

ინტერპოლის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, 28 წლის სუმბაევს ბრალად ედება დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ძარცვა. რუსეთში სუმბაევს და კიდევ 28 პირს ბრალი ედება "რუსეთის რკინიგზის" და ავიაკომპანია S7-ის ბილეთების ფიქტიურ დაბრუნებაში, რითიც მათ 2013-2014 წლებში 17 მილიონი რუბლი (250 ათას დოლარზე მეტი) გამოიმუშავეს.

მეტიც, ამ თაღლითური სქემის გახსნას უკავშირებენ 10 ოქტომბერს მომხდარ ევგენია შიშკინას მკვლელობას, რომელიც რუსეთის შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებელი იყო. გამომძიებლის ცხედარი მის სახლთან ახლოს იპოვეს.

მანამდე რუსეთის მასმედია იუწყებოდა, რომ სუმბაევი რუსეთიდან მონტენეგროში გაიქცა.

ყველა ახალი ამბავი
0