ნოდარ დუმბაძის ოცნება რომელიც მისმა შვილიშვილმა აისრულა

© photo: courtesy of Nodar Topuridze ნოდარ თოფურიძე ბებიასთან, ნანული გუგუნავასთან ერთად
ნოდარ თოფურიძე ბებიასთან, ნანული გუგუნავასთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით“- ნოდარ დუმბაძე.

მისი მზიანი, სიკეთით სავსე სამყარო ახლა უკვე არსებობის 91-ე წელს ითვლის. თოთხმეტ ივლისს, მასთან ერთად კიდევ ბევრი ადამიანი დაიბადა: ზურიკო ვაშალომიძე, ილიკო ჩიგოგიძე, ილარიონ შევარდნაძე, ავთო ჯაყელი, ბაჩანა რამიშვილი... მათთან ერთად ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდა ამბები, რომლებიც არასდროს ძველდება და ყოველ ჯერზე, თავიდან გვაოცებს, გვაცინებს, გვაფიქრებს...

არა ერთხელ უთქვამთ და გავმეორდები, საოცრად განათლებულ მწერალს არ უყვარდა მისი ცოდნითა და ინტელექტით ნაწარმოებების დამძიმება. ამიტომ იყო, რომ ყველაზე მთავარზე, ჭკუის სწავლებისა და სენტენციების გარეშე, უბრალოდ და ყველასთვის გასაგებად მოგვითხრობდა და მათში იმდენი სიბრძნე იყო... მისი გენიალურობა ამ სისადავეშიცაა...

მისი პირველი შვილიშვილი, სეხნია, ნოდარ თოფურიძე, პროფესიით იურისტია, მის სფეროში წარმატებული სპეციალისტია. წიგნებს ისიც წერს, ოღონდ ისეთ თემაზე, როგორიც საერთაშორისო სამართალია, მალე საზოგადოება მის ძალიან საჭირო წიგნს „საქართველოს საერთაშორისო სამართალ-სუბიექტობა“ მიიღებს.

ბაბუას შესახებ ამბებს, ვინ იცის, მერამდენედ ჰყვება...

© photo: courtesy of Nodar Topuridzeნოდარ თოფურიძე ბავშვობაში
ნოდარ დუმბაძის ოცნება რომელიც მისმა შვილიშვილმა აისრულა - Sputnik საქართველო
ნოდარ თოფურიძე ბავშვობაში

-ბატონო ნოდარ, ვიცი, რომ ხშირად გთხოვენ ბაბუასთან დაკავშირებული ამბების გახსენებას და ეს ამბები წლიდან წლამდე არ იცვლება, მადლობთ, რომ კიდევ ერთხელ დათანხმდით ინტერვიუზე. როგორია წლების შემდეგ, ნოდარ თოფურიძის მიერ დღეს „აღმოჩენილი“ ბაბუა?

- რასაკვირველია, ცხრა წლის ბავშვის და 43 წლის ადამიანის აღქმა სხვანაირია. თანაც, როცა ბაბუა უკვე შენ თვითონ უნდა გახდე... ჩვენ ერთად ვდგებოდით, ერთად ვსაუზმობდით, სამსახურში ხშირად დავყავდი, ეს იყო ჩვეულებრივი ურთიერთობა იმ განსხვავებით, რომ ეს ბაბუა ნოდარ დუმბაძე იყო. მე მისი პირველი შვილიშვილი ვიყავი და ჩემთან ხშირ და უშუალო ურთიერთობას ახერხებდა, ჩემთან დამოკიდებულებაში ბავშვური იყო. ზოდიაქოთი კირჩხიბი იყო, წყალი უყვარდა, მე უფრო მიწიერი ვარ. მახსოვს, ბავშვობაში წყლის შიში მქონდა და ეს შიში მისი წყალობით გადავლახე.

- მისი ნაწარმოებები ძირითადად ავტობიოგრაფიულია,  საინტერესოა, თქვენ რომელ გმირში უფრო ხედავთ მას?

- რომელ გმირში ვხედავ? მიუხედავად იმისა, რომ მას აღვიქვამ როგორც ბაბუას, რასაკვირველია, ზურიკელაში და ბაჩანა რამიშვილში ვხედავ. საერთოდ რაღაც ნაწილს თითქმის მის ყველა გმირში ვხედავ...

© photo: courtesy of Nodar Topuridzeნოდარ თოფურიძე იახტაზე ახლობლებთან ერთად
ნოდარ დუმბაძის ოცნება რომელიც მისმა შვილიშვილმა აისრულა - Sputnik საქართველო
ნოდარ თოფურიძე იახტაზე ახლობლებთან ერთად

-ადრე ახსენეთ, რომ ბაბუს სამართლიანობით ვგავარო, ამის გამო ხომ არ აირჩიეთ იურისპრუდენცია?

- ადრე მგონი, შევცოდე როცა ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ ბაბუასავით სამართლიანი ვარ მეთქი... პროფესიული არჩევანის თვალსაზრისით იურისპრუდენცია ნოდარს არაფრით უკავშირდება. ეს უფრო მეორე ბაბუის მამასთან, დავით თოფურიძესთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა. ეს პროფესია ერთმა წიგნმა ამარჩევინა, რომელიც მე მეცხრე თუ მეათე კლასში წავიკითხე. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ნაშრომებთან „სამართალი-ფილოსოფიაა“. როცა გადავშალე წავიკითხე, სამართლის იდეებით დავინტერესდი. მოკლედ ეს იყო ჩემი არჩევანი, არანაირი კარიერული მიზანი არ მქონია და ეს გამოჩნდა კიდეც. ახლა პირდაპირი მნიშვნელობით, ისე აქტიურად აღარ ვარ იურისპრუდენციაში ჩართული.

- მალე თქვენი წიგნი უნდა გამოვიდეს, რომელიც მკითხველს დარწმუნებული ვარ, დააინტერესებს...

-დიახ, უახლოეს ერთ თვეში გამოვა ჩემი წიგნი „საქართველოს საერთაშორისო სამართალ-სუბიექტობა“, რომელიც ვფიქრობ, მართლა საინტერესო იქნება სამართალმცოდნეებისთვის, სტუდენტებისთვის და საერთოდ საზოგადოებისთვის, ყოველი შემთხვევისთვის, მე ამის იმედი მაქვს. 

© photo: courtesy of Nodar Topuridzeნოდარ თოფურიძე
ნოდარ დუმბაძის ოცნება რომელიც მისმა შვილიშვილმა აისრულა - Sputnik საქართველო
ნოდარ თოფურიძე

- ბავშვობაში ხომ არ გახსენდებათ, რომ ბაბუას რაიმეს გამო საყვედური უთქვამს?

-საყვედური არ იცოდა, პირდაპირ მოქმედებაზე გადადიოდა, რაც გამოიხატებოდა მის ნეგატიურ დამოკიდებულებაში გარკვეული ჩემი საქციელების მიმართ. ეს ძირითადად ეხებოდა ბავშვურ ხულიგნობას, რომელიც რომ არ აღეკვეთა, ჩემთვის მძიმე შედეგებს გამოიღებდა. მახსოვს, ერთხელ ვიჩხუბე სკოლაში და ჩხუბის დროს იმ ბიჭს შემთხვევით, მგონი, წარბი გავუხეთქე. ამის გამო ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. ეს იყო და ეს... ამან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. გაცილებით მერჩია კლასიკური დასჯის ფორმით დავესაჯე.  ასეთი იგნორირება ჩემთვის უარესი იყო, რადგან სულ ერთად ვიყავით, იმ ერთ კვირას კი აბსოლუტურად არ ჩამთვალა პიროვნებად: აღარ საუზმობდა ჩემთან ერთად, არ მელაპარაკებოდა და ეს ჩემთვის ძალიან მძიმე ასატანი იყო. აი, ისეთი სერიოზული გაკვეთილი მივიღე მაშინ...

© photo: courtesy of Nodar Topuridzeნოდარ თოფურიძე
ნოდარ დუმბაძის ოცნება რომელიც მისმა შვილიშვილმა აისრულა - Sputnik საქართველო
ნოდარ თოფურიძე

-გესიზმრებათ ხოლმე?

- ხშირად მესიზმრება... თუმცა ბოლო დროს, თითქმის ერთი წელიწადია არ დამსიზმრებია. ისეთ მომენტებში მესიზმრება ხოლმე, რომ ვხვდები რაღაცისგან მიფარავს ან რაღაცას მაფრთხილებს. 90-იან წლებში მქონდა შემთხვევა, როცა ისეთი მანქანიდან გადმოვედი, რომელსაც როგორც მერე აღმოჩნდა, ბევრი ტყვია მოხვდა. ეს ამბავი არ ვიცოდი, მეორე დღეს გავიგე. წინა ღამეს კი ასეთი რამ დამესიზმრა: ნოდარი ცხადად გამომეცხადა, სახლში შემოვიდა და ჭერის კოჭები გაამაგრა... ეს სიზმარი რას ნიშნავდა, მოგვიანებით გავაცნობიერე...

© photo: courtesy of Nodar Topuridzeნოდარ თოფურიძე და მანანა დუმბაძე
ნოდარ დუმბაძის ოცნება რომელიც მისმა შვილიშვილმა აისრულა - Sputnik საქართველო
ნოდარ თოფურიძე და მანანა დუმბაძე

- თუ ჰქონდა ოცნება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცოდა?

-ჰქონდა ერთი ოცნება, რომელიც უკავშირდება მის სიყვარულს ზღვასთან, თევზაობასა და მოგზაურობასთან. ეს იყო იახტის ყიდვა, თანაც უნდოდა, რომ ჩემთვის ზღვაოსნობა, აფროსნობა და იახტსმენობა ესწავლებინა. სულ ამბობდა: სახლი უნდა გავყიდო და იახტა ვიყიდოო, ეს ოცნება ვერ აისრულა, მე კი ავისრულე, ის ბატონმა ილია ფერაძემ ამისრულა. ბატონი ილია საქართველოში საიალქნო სპორტის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ზღვაში დღემდე ერთად გავდივართ, ის კაპიტანია და მე კაპიტნის თანაშემწე. ასე რომ, ნოდარ დუმბაძის ოცნება ილია ფერაძემ მე შემისრულა. მიხარია, რომ დღე არ გავა ისე, მისი რაიმე ფრაზა ან გამონათქვამი ვინმემ არ ახსენოს, ან მაგალითად არ მოიყვანოს.

© photo: courtesy of Nodar Topuridzeილია ფერაძე
ნოდარ დუმბაძის ოცნება რომელიც მისმა შვილიშვილმა აისრულა - Sputnik საქართველო
ილია ფერაძე

- თუ დააკვირდით, მისი გმირის რომელ ფრაზას იმეორებთ თქვენ ყველაზე ხშირად?

-„შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა“-ალბათ ყველაზე ხშირად ამ ფრაზას ვიმეორებ. მისი სიტყვა სადაც უნდა წავიდე, ყველგან მხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ნოდარ დუმბაძე ცოცხალია და მის წიგნებში აგრძელებს სიცოცხლეს. ვფიქრობ, ყოველთვის ასე იქნება და არასოდეს დადგება დრო, როცა მისი ნაწარმოებები დავიწყებას მიეცემა. ალბათ ეს არის მთავარი ერისთვის, ქვეყნისთვისაც და რასაკვირველია, ჩვენი ოჯახის წევრებისთვისაც. ოჯახში ვცდილობთ, რომ ყველა ნაბიჯი სწორად გადავდგათ, ყველაფერი ავწონოთ და იმ თვალსაზრისით შევაფასოთ როგორც ის შეაფასებდა და შეხედავდა...

 

ყველა ახალი ამბავი
0