თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე 20-21 ივნისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გახარიამ არ გამორიცხა, რომ მერაბიშვილის ბედი შეიძლება გაიზიაროს >>
სანიკიძის დაკითხვა დღეს ჩატარდა და დაახლოებით ერთ საათს გასტანა.
„შეკითხვები იყო იმის შესახებ, თუ რა დავინახე, სად ვიყავი. მეკითხებოდნენ ასევე, რომელი პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები იყვნენ ადგილზე. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, საკმაოდ კორექტულად იქცეოდნენ გამომძიებლები. პროცესმა ნორმალურად ჩაიარა. გავიხსენე, რომ ჯაჯგურის დაწყებისას მოედანზე არ ვიყავი, ედპ-ს შტაბში ვიმყოფებოდი და მოგვიანებით მივედი ადგილზე“, – განაცხადა სანიკიძემ.
სანიკიძის განცხადებით, კითხვები შეეხებოდა ნიკა მელიასაც.
„გამომძიებლებმა კითხვები დამისვეს ნიკა მელიაზე, მოვისმინე თუ არა, რომ თითქოსდა მან თქვა შენობაში შეჭრასთან დაკავშირებით. მე არ მომისმენია, ისიც კი არ ვიცოდი, რომ თურმე მოლაპარაკებები უნდა ყოფილიყო, ეს ტელევიზიით გავიგე. მელიას არც გამოსვლა მინახავს, არც საუბარი. მერე, როცა მივედი, მელია საერთოდ არ მინახავს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, სანიკიძის თქმით, ამის შესახებ შეკითხვა მისთვის არ დაუსვამთ.„ რაც არ ყოფილა, რა უნდა შემეკითხონ... მშვიდად და წყნარად ჩაიარა გამოკითხვამ და წამოვედი“, - აცხადებს ის.
შსს–მ ოპოზიციური პარტიების ლიდერები გამოკითხვაზე, 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საქმეზე დაიბარა. მათი განცხადებით, გამოძიების კითხვებს მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ.
შსს-მ გამოსაკითხად დაიბარა ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), ბაჩუკი ქარდავა („ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"), გუბაზ სანიკიძე („გამარჯვებული საქართველო") და ირაკლი ღლონტი („კანონი და სამართალი"). ისინი თავიანთ თანამებრძოლებთან, პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ, რომელიც ღამით არეულობებში გადაიზარდა.
უფრო ადრე შსს-მ მოწმის სახით დაკითხა თბილისის ყოფილი მერი, პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა და ყოფილი ვიცე-პრემიერი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე. მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საგამოძიებო ორგანოებთან კონტაქტზე ასევე თანხმობა განაცხადა, როდესაც ის დაბრუნდება უცხოეთიდან, სადაც ამჟამად იმყოფება.
უფრო ადრე არეულობების ორგანიზებაში ბრალი წაუყენეს პარლამენტის დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცველი ორგანოების ნებართვის გარეშე.
საპროტესტო აქციები პარლამენტთან 20 ივნისს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და საქართველოს პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ საქართველოს მთავრობას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, ხელისუფლებამ კი მომხდარს „პროტოკოლური შეცდომა" უწოდა. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობაში გადაიზარდა.
ვინ გასცა აქციის დაშლის განკარგულება: გახარია პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს>>
არეულობების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. ერთი – ესაა ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და მეორე საქმე ორი მუხლით – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა და ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მცდელობა.