21:36 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
აქციის დაშლა

ვინ გასცა აქციის დაშლის განკარგულება: გახარია პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს

© Sputnik / Shota Nozadze
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (336)
20210

პოლიტოლოგებთან და ექსპერტებთან შეხვედრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მათ 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების მიმდინარეობა გააცნო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს შეხვდა და მათ არეულობის დაწყებამდე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებსა და 20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლის დეტალებზე ესაუბრა.

მეზვრიშვილმა განმარტა, ვინ მონაწილეობდა აქციის დაშლაში პარლამენტთან >>

20 ივნისს ანტირუსული და მთავრობის საწინააღმდეგო აქცია 22:00 საათისთვის არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეღწევა სცადეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 30-ზე მეტი – ჟურნალისტი.

„გახარიასთან შეხვედრაზე 20-მდე ექსპერტი, ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი იყო. საუბარი, რა თქმა უნდა, ძირითადად შეეხო 20-21 ივნისის მოვლენებს – როგორ დაიწყო პროცესები, როგორ განვითარდა, დაწყებული პარლამენტის შენობის (დაცვის) გაძლიერებით, დამთავრებული მიტინგის დაშლით“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე სამხედრო-პოლიტიკურ საკითხთა ანალიტიკოსმა, ბრიგადის გენერალმა ამირან სალუქვაძემ.

პარლამენტის დაცვის გაძლიერებას საფუძვლად დაედო ის, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიწყეს ათობით საშვის გაცემა, ეს მაშინ, როცა იქამდე დღეში ორ-სამ საშვზე მეტი არ გაიცემოდა.

ოპოზიცია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი იხილა. სწორედ ეს უკანასკნელი უძღვებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას საქართველოს პარლამენტში.

ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დეპუტატებმა ჩაშალეს ღონისძიება, რომელზე დასასწრებადაც 25 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს, რადგან მათ პარლამენტში საპატიო ადგილი დაუთმეს ადამიანს, რომელიც ღიად უჭერდა მხარს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა და მომხდარი პროტოკოლში დაშვებული შეცდომით ახსნა.

მამუკა ბახტაძე: „სამწუხაროდ, ფეხი დაგვიცდა“ >>

„დავუშვათ, 30-40-მა დეპუტატმა 10-20 ადამიანი რომ შეიყვანოს, გამოდის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შიგნით. ეს იყო ერთ-ერთი მიმანიშნებელი, რის გამოც მიიღეს ის ზომები, რაც მიიღეს“, – განაცხადა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ.

საქმე ისაა, რომ რომელიღაც მომენტში პარლამენტის დაცვას აუკრძალეს საშვიანი ადამიანების შეშვება. მაშინ ოპოზიციური პარტიების აქტივისტების ერთი ჯგუფი უკვე პარლამენტში იყო. მეტიც, მათ დაიკავეს დეპუტატების სავარძლები და სხდომათა დარბაზის დატოვებაზე უარი განაცხადეს. ამავდროულად იზრდებოდა საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობა.

რეზინის ტყვიები - ყურადღების ცენტრში

მინისტრთან შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას ბევრი კითხვა დაუგროვდა – დაწყებული 20 ივნისს პარლამენტში განვითარებული მოვლენებით, დამთავრებული საპროტესტო აქციის დაშლის მეთოდებით.

საქმე გადაკვალიფიცირდა: ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობა და ხელში ჩაგდება >>

ყურადღების ცენტრში მოექცა რეზინის ტყვიები, რომლებითაც აქციის მონაწილეები დაშავდნენ, ორმა კი თვალი დაკარგა. სწორედ ამის გამო არ წყდება საპროტესტო აქციები გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

მინისტრმა ამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შეხლა-შემოხლისას აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს წაართვეს 300-ზე მეტი ფარი, ასამდე ხელკეტი, ათობით აირწინაღი, რაციები. პოლიციამ მხოლოდ ორი საათის შემდეგ გაუშვა გაზი და დაიწყო რეზინის ტყვიების სროლა. ამასთან, სამართალდამცველები ერთი საათის განმავლობაში ადგილიდან არ დაძრულან, მათ პარლამენტის წინ კორდონი ჰქონდათ აღმართული.

© Sputnik / STRINGER
არეულობა თბილისში: მომიტინგეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს

რაც შეეხება რეზინის ტყვიებს, სულ გამოყენებული იყო სამი სახის ტყვიები. გახარია ამტკიცებს, რომ ყველა შეძენილია წინა ხელისუფლების დროს, 2012 წელს, არჩევნებამდე სამი თვით ადრე. მისი სიტყვებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სპეკულირებენ, როდესაც ამ ტყვიების გამოყენების გამო პოლიციას ადანაშაულებენ.

„მინისტრმა ისაუბრა შიდა რეგულაციებზე ამ რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში. მან აღნიშნა, რომ თუ ქარხნულად დაწესებულია ნორმა და მათი გამოყენების მანძილი შეადგენს არანაკლებ ათ მეტრს, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწესებული შიდა რეგულაციების თანახმად, სპეცრაზმელებს უფლება არა აქვთ, ეს ტყვიები 20 მეტრზე ახლო მანძილიდან გამოიყენონ“, – განაცხადა სალუქვაძემ.

ამასთანავე, 10 მეტრის მანძილიდან სროლის დროს ცდომილება 20 სანტიმეტრია. „შეიძლება დაუმიზნო მუცელში და მოარტყა თვალში, ან, პირიქით – დაუმიზნო თვალში და მოარტყა მუცელში“, – მოიყვანა მინისტრის სიტყვები ექსპერტმა.

მისი თქმით, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების საქმეს პროკურატურა იძიებს და ქვეყნის ისტორიაში პირველად ამ პროცესში სახალხო დამცველი მონაწილეობს.

„ჩვენ შევთავაზეთ, რომ კარგი იქნება უცხოელი სპეციალისტების მოწვევაც მეტი სანდოობისთვის“, – აღნიშნა სალუქვაძემ.

მინისტრის გადადგომა არ განიხილება

ამ შეხვედრის შესახებ პრესკონფერენცია კავკასიის საკითხთა ექსპერტმა მამუკა არეშიძემაც ჩაატარა.

„ვიდრე მას (გახარიას) ამ კითხვას დავუსვამდით, მან თავად აღნიშნა, რომ არ აპირებს წასვლას. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, მან განაცხადა, რომ ეს მთლიანად მისი პასუხისმგებლობაა, იგი დგას მთელი ამ პროცესის სათავეში და მიტინგის დაშლის ბრძანებაც მან გასცა“, – განუცხადა არეშიძემ ჟურნალისტებს.

მისი სიტყვებით, მინისტრმა ისაუბრა ცალკეული პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიებაზე, მაგრამ დეტალებში არ შესულა.

„მან აღნიშნა, რომ საგამოძიებო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და მას არ აქვს ყველაფრის თქმის შესაძლებლობა. მან თქვა, რომ პროკურატურა იძიებს ძალის გადამეტების ფაქტებს და ეს პროცესი აუცილებლად უნდა მიიყვანონ ბოლომდე. თავადაც მიუთითა ძალის გადამეტების რამდენიმე ფაქტზე. ერთ ეპიზოდზეც ისაუბრა, რომ ერთ-ერთი მათგანი (პოლიციელი) 50 მეტრის მანძილიდან ესროდა სკვერში მყოფ ადამიანებს“, – აღნიშნა არეშიძემ.

მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მიდის – პოლიტიკოსების რეაქცია >>

შეხვედრაზე შეკრებილი ექსპერტები, თავის მხრივ, დაჟინებით მოითხოვდნენ, ეცნობებინათ მათთვის, როდის გასცემდა პასუხს გამოძიება მთავარ კითხვას: „რა მოხდა იმ დღეს?“. როგორც გახარიამ აღნიშნა, გამოძიება შეიძლება დროში გაიწელოს.

ჯერჯერობით კი უფლებამოსილება შეჩერებული აქვს ათ პოლიციელს, ასევე საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს.

ამბოხების საქმე

კიდევ ერთი გამოძიება დაწყებულია 20 ივნისს მომხდარი არეულობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი“.

ამ ეტაპზე არეულობის ორგანიზების ბრალდება წაუყენეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილების გარეშე.

გარდა ამისა, დაკავებულია აქციის ოთხი მონაწილე. მათ არეულობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

თბილისში არეულობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა >>

„ამბოხი ყოველთვის ისეთი არ არის, როგორიც წარმოგვიდგენია და ფილმებში გვინახავს, სიტუაციის მომზადება ხდება აბსოლუტურად განსხვავებულად სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილზე. შემიძლია ვთქვა, რომ 2003 წლის ნოემბერში არავინ არ ვარაუდობდა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა... მე არ მჭირდება მინისტრ გახარიას მოსაზრების მოსმენა იმისათვის, რომ ვიცოდე, გადატრიალება მზადდებოდა თუ არა. მე ვთვლი, რომ გადატრიალება მზადდებოდა“, – აღნიშნა არეშიძემ.

რაც შეეხება საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხრიდან გახარიას გადადგომის მოთხოვნას, ექსპერტის თქმით, მომიტინგეებს შესანიშნავად ესმით, რომ ეს არ მოხდება.

„მე ვარ ადამიანი, რომელმაც პირველ დღეს ვთქვი ასეთი ფრაზა – მის ადგილზე წავიდოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის ტელევიზიით გამოვიდა, გადავწყვიტე, რომ გახარია უნდა დარჩეს... ის პასუხისმგებელია ყველაფერზე. ის პასუხისმგებელია არა მარტო იმაზე, რაც მოხდა, არამედ პასუხისმგებელია გამოძიებაზეც. მე მინდა იყოს პასუხისმგებელი და ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, წავუყენოთ პოლიტიკური და, შესაძლოა, სამართლებრივი პრეტენზიებიც“, – განუცხადა არეშიძემ „Sputnik-საქართველოს“.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (336)

მთავარი თემები