თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. თბილისის ცენტრში სპეცრაზმის მიერ მიტინგის დაშლის გარემოებათა გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა, განაცხადეს ოთხშაბათს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება“, - ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება განმარტავს, რომ ყაყიჩაშვილი დაკავებული თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა.
საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის და პარლამენტში სპიკერის სავარძლიდან მისი გამოსვლის საპასუხოდ თბილისში პროტესტი დაიწყო. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის შტურმით აღება სცადეს, საპასუხოდ პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. მიტინგი დაშალეს, მაგრამ პროტესტი გაგრძელდა. პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა, 240 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციის დაშლის დროს ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.
თალაკვაძე: მთელმა საზოგადოებამ გადაიხადა იმის ფასი, რაც... >>
ამის შემდეგ მიტინგის დაშლის ფაქტზე საქმე აღიძრა. მის გამოძიებას გენინსპექცია აწარმოებს. გამოძიება დაადგენს, მოხდა თუ არა უფლებამოსილების გადამეტება იმ სამართალდამცველების მხრიდან, რომლებიც მიტინგის დაშლაში იღებდნენ მონაწილეობას. გამოძიების ფარგლებში შსს-მ ათ პოლიციელს უფლებამოსილება უკვე შეუჩერა. როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომლის გადადგომასაც მომიტინგეები 14 დღის განმავლობაში მოითხოვენ, ის თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ გამოძიება დაამტკიცებს, რომ პოლიციამ და სპეცრაზმმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.