„როდესაც მშვიდობიანი მანიფესტაცია შეიკრიბა რუსთაველზე, რა იყო ამ დროს საზოგადოების მოლოდინები? – რომ სახელმწიფო იცავს მშვიდობიანი მანიფესტაციის და შეკრების უფლებას და ეს უფლება იყო დაცული. მეტსაც გეტყვით, როდესაც დაიწყო ძალადობა და შეტევა, პოლიცია თითქმის ორი საათის განმავლობაში იყო თმენის რეჟიმში, როდესაც მათზე ძალადობას ახორციელებდა ის მცირე ჯგუფი, რომელმაც სცადა ამ აქციის გამოყენება თავისი ძალადობრივი სცენარისთვის. მთელმა საზოგადოებამ გადაიხადა იმის ფასი, რაც იქ უპასუხისმგებლო ადამიანებმა გააკეთეს იმ დღეს. ეს ფასი გადაიხადეს პოლიტიკოსებმა, ირაკლი კობახიძემ, ახალგაზრდებმა, რომლებიც იქ დაშავდნენ, ჟურნალისტებმა და პოლიციელებმა“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.
პროტესტი თბილისში საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ დაიწყო. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა, 240 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციის დაშლის დროს ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.