თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. მტირალას მთასა და სოფელ ყოროლისთავში ახალი ტურისტული მიმართულება გაჩნდება, იუწყება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.
ბუნებაში მოგზაურობის მოყვარულებისთვის ბათუმთან ახლოს ტურისტული თავშესაფრები, პანორამული პლატფორმები და 11-კილომეტრიანი ეკოსათავგადასავლო ველობილიკი მოეწყობა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თინათინ ზოიძის განცხადებით, მტირალას მთისა და ყოროლისთავის ტურისტულ მიმართულებად განვითარება კიდევ ერთ საინტერესო ტურისტულ პროდუქტს გააჩენს რეგიონში, რომელიც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმისა და სოფლის ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
„მტირალას მთა მისი ქალაქთან სიახლოვიდან გამომდინარე ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება ბათუმში ჩასული ტურისტებისთვის. მთიდან იშლება ზღვისა და მთის ულამაზესი ხედები, სადაც შესაძლებელია მოეწყოს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვის წვიმის პერიოდშიც ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტად იქცევა. იგულისხმება მთაზე გადახურული პანორამული პლატფორმებისა და ტურისტული ატრაქციების მოწყობა“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
პროექტი, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა. ითვალისწინებს: მთა მტირალასა და სოფელი ყოროლისთავის კვლევებზე დაფუძნებული ტურისტული განვითარების გეგმის მომზადებას; განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების არქიტექტურული ნახაზების, პროექტის სადემონსტრაციო-საპრეზენტაციო ვიდეოსა და 3D ვერსიების მომზადებას; მთა მტირალას ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადებას.
მტირალას მთისა და სოფელ ყოროლისთავის ტურისტული მიმართულებით განვითარების გეგმის მომზადებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD 3“ ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
საქართველოში და კერძოდ აჭარაში ტურიზმი სწრაფად ვითარდება. აჭარაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მომსახურების სფეროში დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. 2018 წლიდან დღემდე ტურიზმის სკოლა ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ესენი არიან გიდები, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, საოჯახო ტიპის სასტუმროების, კვებისა და განთავსების ობიექტების მფლობელები.
რას მიაღწია აჭარის ხელისუფლებამ ერთ წელიწადში >>
გიდებისთვის შექმნილია სპეციალური სახელმძღვანელოები: გიდის პრაქტიკული სახელმძღვანელო და ღვინის გიდის გზამკვლევი.
აჭარაში წარმატებით ხორციელდება პროექტი „საიდუმლო სტუმარი“, რომლის მთავარი მიზანია ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის შესწავლა.