თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე უმაღლეს საბჭოს ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
რიჟვაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტი 2018 წლის ივლისიდან უკავია. მან ამ თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე შეცვალა, რომელიც ამ პოსტს ორი წელი იკავებდა და შემდეგ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი გახდა.
„აჭარის მთავრობამ ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარა", - აღნიშნა რიჟვაძემ.
მისი განცხადებით, მთავრობის მუშაობა მიმართულია ავტონომიის მტკიცე და უსაფრთხო განვითარებაზე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე, სიღარიბესთან ბრძოლაზე, ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სხვა ამოცანებზე.
ტურიზმი და სოფლის მეურნეობა
ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის წყალობით, აჭარაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 7,4%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში - 9%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განაცხადა რიჟვაძემ.
ამას გარდა, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 11,1%-ით გაიზარდა პროდუქციის წარმოება. 2019 წლის პირველ კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რიჟვაძის განცხადებით. ამას, ყველაფერთან ერთად, ხელი შეუწყო მთავრობის მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერისკენ მიმართულმა მუშაობამ, ეს ბიზნესი კი აჭარის მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი წყაროა. მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს ბიზნესმენებისთვის კრედიტის გამოყოფას მთავრობის თანადაფინანსებით. 2018 წელს პროგრამით ისარგებლა 16-მა ბენეფიციარმა, ხოლო 2019 წლის ივნისისთვის - რვამ.
ამას გარდა, აჭარის მთავრობა ბიზნესის განვითარებას ეხმარება პროგრამის "იდეიდან წარმატებამდე" ფარგლებშიც. ეს პროგრამა გულისხმობს სტარტაპებისა და ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობისა და მომსახურების სფეროებში მიკრო და მაკრობიზნესის წარმომადგენელთა დახმარებას.
აჭარის მთავრობა მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი სფეროა რეგიონში. ამ მიმართულებით ხორციელდება რიგი პროგრამები, რომელთა შორისაა კარტოფილისა და ნივრის მოყვანის ხელშეწყობა, სასათბურე მეურნეობების, მეფუტკრეობის განვითარება.
აჭარის ბიუჯეტი 2019 წელს 342,2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, აქედან 7,1 მილიონზე მეტი ავტონომიის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე მოდის, ხოლო 648,4 ათასი ლარი – სოფლის მეურნეობის სამინისტროზე.