თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. ცნობილი ქართველი კომპოზიტორების – ვახტანგ და ჯანსუღ კახიძეების შემოქმედებისადმი მიძღვნილი მუსიკალური საღამო შავი ზღვის სანაპიროზე, საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენას“ სცენაზე 2019 წლის 17 აგვისტოს გაიმართება.
ეს არის მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის პირველი ქართული კონცერტი შეკვეთილის საკონცერტო დარბაზში. როგორც უკვე ცნობილია, აგვისტოში „ბლექ სი არენას“ სცენაზე ბრიტანელი მომღერალი ჯესი ჯეი და Thirty Seconds to Mars როკ-ჯგუფთან ერთად ოსკაროსანი მსახიობი და მუსიკოსი ჯარედ ლეტო გამოვლენ. სეზონი კი 16 ივნისს პოპულარულმა ამერიკელმა ჰიპ-ჰოპის შემსრულებელმა ჯგუფმა Black Eyed Peas-მა გახსნა.
მამა-შვილი კახიძეების შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტის პირველ განყოფილებაში შესრულდება ჯანსუღ კახიძის საყოველთაოდ ცნობილი ჰიტები, მეორე ნაწილში – მისი ვაჟის ვახტანგ კახიძის ნაწარმოებები, შექმნილი თეატრისა და კინოსთვის, ასევე მაესტროს ჯაზ-ფოლკის ჟანრის კომპოზიციები.
სალომე კორკოტაშვილმა ინტერნეტ-გამოკითხვაში გაიმარჯვა და ესპანეთში ფესტივალზე იმღერებს >>
საკონცერტო დარბაზის სცენაზე წარდგება თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“, ასევე თავად კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე.
ქართულ მუსიკას შეასრულებენ ისეთი ცნობილი ქართველი საესტრადო მომღერლები, როგორებიც არიან ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი, გოგა მესხი.
ბილეთები ხუთშაბათიდან, 4 ივლისიდან გაიყიდება ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით.
რით არის ცნობილი კახიძეების დინასტია?
მამა-შვილი ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეები ქართული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან. ვირტუოზ დირიჟორებს, კომპოზიტორებს, პიანისტებს ათობით არაჩვეულებრივი კომპოზიცია აქვთ შექმნილი.
ვახტანგის შემოქმედებითი თანამშრომლობა მამასთან 17 წლის ასაკში დაიწყო. მაშინ ახალგაზრდამ აუდიოჩანაწერების შექმნისას ჯანსუღ კახიძესთან ერთად სიმღერა და საფორტეპიანო პარტიების შესრულება დაიწყო. მამისა და შვილის ეს ერთობლივი საქმიანობა მთელი ცხოვრება გაგრძელდა.
ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების შემდეგ ვახტანგმა აქტიურად მოჰკიდა ხელი მამის დანატოვრის პოპულარიზაციას – 2000-იანი წლების დასაწყისში ჯანსუღ კახიძის კომპოზიციებით რამდენიმე კომპაქტ-დისკი გამოუშვა, 2016 წელს კი დააფუძნა საკონცერტო პროექტი „ჯანსუღ კახიძის სიმღერები“, რომელშიც მუსიკოსები უფროსი კახიძის შემოქმედების საუკეთესო ნაწარმოებებს ასრულებენ.