თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. პოპულარული ქართველი შემსრულებელი სალომე კორკოტაშვილი, რომელიც უფრო ცნობილია ფსევდონიმით Salio, გამოვა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე Mad Cool, რომელიც მიმდინარე წლის 11–13 ივლისს მადრიდში გაიმართება.
Mad Cool Festival ესპანეთის დედაქალაქში 2016 წლიდან იმართება და ის თავის სცენაზე იწვევს პოპ, როკ, ინდი და ელექტრონული მუსიკის საუკეთესო შემსრულებლებს მთელი მსოფლიოდან.
წელს ფესტივალის ჰედლაინერი არიან ბრიტანული როკ-ჯგუფი The Cure და დუეტი The Chemical Brothers, ამერიკული ინდი-ფოლკ-ჯგუფი Bon Iver და ინდი-როკ-ჯგუფი The National, ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფი The Smashing Pumpkins და სუპერჯგუფი Prophets of Rage.
ფესტივალის სცენაზე ასევე გამოვლენ: შვედი მომღერალი Lykke Li, ამერიკელი Ms. Lauryn Hill, იგი პოპი, ჯგუფები Gossip და Mogwai.
Mad Cool ყოველ წელს დამწყები მუსიკოსებისთვის აცხადებს კონკურსს Mad Cool Talents, მუსიკალურ ონლაინ–შეჯიბრებაში გამარჯვებულს კი ფესტივალის სცენაზე გამოსვლის საშუალებას აძლევს. წელს, სხვებთან ერთად, ქართველ Salio-საც გაუმართლა. სწორედ კონკურსის ვებ-გვერდზე ინტერნეტ-გამოკითხვაში გამარჯვების წყალობით იმღერებს სალომე მადრიდში.
სალომე კორკოტაშვილი პოპისა და ნეოსოულის სტილში მღერის. სწავლობდა ბოსტონში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში, საქართველოში „ევროვიზია-2008“-ის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, 2016 წელს ბათუმში შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე გამოვიდა.
ეროვნული საფეხბურთო ლიგის ფინალში აშშ-ის ჰიმნს ქართველი მომღერალი შეასრულებს>>
მას შემდეგ, რაც სალომე მეორედ გათხოვდა ბრიტანელ პროფესორსა და ლიტერატორზე რიჩარდ ჰოვარდზე, გოგონა ლონდონში ცხოვრობს და მუსიკალურ კარიერას იქ ქმნის.