ეროვნული საფეხბურთო ლიგის ფინალში აშშ-ის ჰიმნს ქართველი მომღერალი შეასრულებს

გამოწერა
ქართველი მომღერალი Salio ამერიკული ფეხბურთის სეზონის ფინალური მატჩის წინ გამოვა.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. პოპულარული ქართველი მომღერალი სალომე კორკოტაშვილი, ფსევდონიმით Salio აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონის გამოსავლენი მატჩის — „სუპერბოულის“ წინ აშშ-ის ჰიმნის შესასრულებლად მიიწვიეს.

ფინალური თამაში და მისი თანმხლები დღესასწაული Super Bowl Sunday („სუპერბოულის კვირა“) აშშ-ში დე-ფაქტო ეროვნული დღესასწაული გახდა.

„სუპერბოული“, როგორც წესი, აშშ-ში ყველაზე პოპულარული სატელევიზიო მოვლენაა, რომელიც ბევრ კომპანიას მატჩის დროს რეკლამისთვის მილიონების დახარჯვას აიძულებს. თამაშის დაწყების წინ და მეორე და მესამე მეოთხედებს შორის შესვენებისას ცერემონიაზე მრავალი პოპულარული მომღერალი გამოდის.

როგორც წესი, ყოველი მატჩის წინ აშშ-ის ჰიმნი სრულდება. წელს ჰიმნის შესრულება ახალგაზრდა ქართველ მომღერალს შესთავაზეს.

სიახლე ამის შესახებ სალომე კორკოტაშვილმა თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაწერა. მომღერალმა ასევე განათავსა ვიდეო, სადაც ის ამერიკის ჰიმნს ვაშინგტონში სპეციალურ საღამოზე ასრულებს.

„ასე ემოციურად არასდროს არ მიმღერია! ამერიკელების შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა! მითხრეს top-ხუთეულში შევდივარ და მათ მიმიწვიეს super bowl–ზე რომ სტადიონზე ვიმღერო ამერიკის ჰიმნი!" — წერს Salio.

თავის პოსტში მომღერალი მადლობას უხდის დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს მისთვის „ჯადოსნური კაბის" შექმნის გამო და ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს, რომელსაც გოგონამ თავისი ახალი ოჯახი უწოდა.

Salio - Sputnik საქართველო
ქართველის ტრიუმფი აშშ-ში: მომღერალმა Salio-მ Akademia Music Award-ში გაიმარჯვა

საღამო, რომელზეც სალომემ ამერიკის ჰიმნი შეასრულა, გაიმართა აშშ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და მას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და სხვა მაღალჩინოსნები.

ბოლო წლებში სალომე აქტიურად იქმნის მუსიკალურ კარიერას აშშ-ში. გასულ თვეში მისმა სიმღერამ I Know You Know Me გაიმარჯვა ლოს-ანჯელესში კონკურსში Akademia Music Award.

სალომე კორკოტაშვილი პოპისა და ნეოსოულის სტილში მღერის. სწავლობდა ბოსტონში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში. საქართველოში "ევროვიზია-2008"-ის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, 2016 წელს ბათუმში შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე გამოვიდა. მას შემდეგ, რაც სალომე მეორედ გათხოვდა ბრიტანელ პროფესორსა და ლიტერატორზე რიჩარდ ჰოვარდზე, გოგონა ლონდონში ცხოვრობს და მუსიკალურ კარიერას იქ ქმნის.

ყველა ახალი ამბავი
0