თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და საქართველოს რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი კეციანის შეხვედრის მთავარი თემა იყო.
შეხვედრა ქალაქ დალიანში, სახელმწიფო რეზიდენციაში შედგა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლი კეციანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის 70 წლის იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად გამოყენება და საქართველოში დიდი ინვესტიციების დაბანდება, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, რომელთა საექსპორტო პოტენციალიც მაღალია.
საქართველოს რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების კონტექსტში ითქვა, რომ საჭიროა, უმსხვილესი კომპანიების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების დაბანდებითა და ადგილზე რეგიონული ოფისების გახსნით.
აღინიშნა ასევე, რომ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტის გაღვივება.
„მსგავსი ფორმატის მაღალი დონის შეხვედრა პირველად შედგა, რაც, მხარეთა შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობის თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლის დამადასტურებელია“, - აღნიშნავენ მთავრობის პრესსამსახურში.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ლი კეციანს მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევისთვის, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.
ფორუმი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“: საქართველომ ჩინეთთან ხელშეკრულება გააფორმა >>
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბახტაძის გამოსვლა თემატურ სესიაზე - მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის Talent Transforming Technology.
პრემიერის სამუშაო ვიზიტი ჩინეთში 2 ივლისს დასრულდება.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობას 1992 წელს ჩაეყარა საფუძველი. ამჟამად ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2018 წლის იანვარში მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
ჩინეთის მხარდაჭერით საქართველოში რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა ქუთაისში. საქართველოში მშენებლობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და საგზაო მშენებლობის სფეროებში დაახლოებით 25 ჩინური კომპანია მუშაობს.
2018 წელს საქართველო-ჩინეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 32%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. მთლიანობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს 12,5 მილიარდი დოლარი შეადგინა (+17%).