თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ამ წუთებში მსვლელობა – „თავისუფლების მარში“ მიმდინარეობს.
მსვლელობას ფილარმონიის ტერიტორიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ხოლო რუსთაველიდან „ევროპული საქართველოს“ წევრები შეუერთდებიან. აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედანს წრეს დაარტყამენ და აქცია წინა დღეების მსგავსად, პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდება.
„პროტესტის მეათე დღეს გადავწყვიტეთ მარში მოგვეწყო. ჩვენი ინფორმაციით, ბევრი ადამიანი გვიერთდება, მათ შორის რეგიონებიდან. დღეს განსხვავებული ფორმატია, რადგან ოპოზიციური სპექტრის მხარდამჭერები შემოგვიერთდებიან.
დავიძრებით რესპუბლიკის მოედნიდან და ჩავალთ თავისუფლების მოედანზე. ჩვენი პროტესტი გრძელდება, სანამ მესამე, რიგით ბოლო მოთხოვნა – შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არ იქნება შესრულებული“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებთან.
„გახარია, წადი!“ - საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ >>>
მისი თქმით, აქციის მონაწილეებს ექნებათ დროშები, ტრანსპარანტები, ასევე იქნება ერთი საერთო ტრანსპარანტი.