თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ დაიძრნენ.
თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მერვე დღეა მიმდინარეობს. მომიტინგეებს ერთი მოთხოვნა დარჩათ – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, რომელსაც 20 ივნისს აქციის დარბევაში სდებენ ბრალს.
იმ ღამეს 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომელთაგან ამ დროისათვის პატიმრობაში სამი რჩება.
მომიტინგეები ივანიშვილის სახლისკენ მას შემდეგ გაემართნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარია ამ ეტაპზე გადადგომას არ აპირებს.
„ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე. ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ“, - განაცხადა გიორგი გახარაიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, თუმცა ამავე დროს ისიც აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან არ გადადგება.
დღესაც აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს. ივანიშვილის სახლისკენ კი ისინი ცოტა ხნის წინ დაიძრნენ.
წინასწარი ინფორმაციით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის სახლთან ისინი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას გეგმავენ.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. ოპოზიციამ ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, ხელისუფლებამ კი „პროტოკოლურ დარღვევებზე“ გააკეთა განცხადება. ბოლო მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან >>
გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ.