თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ამ წუთებში ტელეჟურნალისტებს ხვდება, საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 20−21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას მოხდა.
„ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე. ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ“, — განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, მის პასუხისმგებლობაში შედის ასევე ყველაფერი ის, „რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება, როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის, პოლიციელებს, მაშინ როცა სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა“.
გიორგი გახარია ამბობს, რომ პოლიციელების ქმედება, რომლებიც „აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს და იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა“, შესაბამისად უნდა შეაფასოს საზოგადოებამ.
მისი თქმით, აქციის დაშლისას გამოყენებული ძალის პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვები, რომლებიც დეტალურადაა გამოსაძიებელი.
ამასთან მინისტრი აცხადებს, რომ ის დაიცავს ყველა პოლიციელს, რომლებსაც „ზოგიერთი ცდილობს, მოუწყოს სახალხო სასამართლო“. და ეს მაშინ, როდესაც პარლამენტთან 20−21 ივნისის ღამით მდგარი სამართალდამცველები, გახარიას ინფორმაციით, გულწრფელად თანაუგრძნობდნენ პროტესტანტებს.
- „ძალიან დიდი რაოდენობა პოლიციელების, რომლებიც იქ იდგნენ, უბრალოდ ვიცი, რომ გულწრფელად თანაუგრძნობდნენ ამ პროტესტანტებს“, — აღნიშნა მინისტრმა.
გახარია აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან არ გადადგება. მან ასევე განმარტა, რომ რეზინის ტყვიები, რომლებიც, ოპოზიციის განცხადებით, მსხვილი ნადირის წინააღმდეგ გამოიყენება, 2012 წლის აგვისტოშია შეძენილი.
თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მთელი კვირაა იმართება. მომიტინგეებს ერთი მოთხოვნა დარჩათ – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, რომელსაც 20 ივნისს აქციის დარბევაში სდებენ ბრალს.
იმ ღამეს 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი, დააკავა, რომელთაგან ამ დროისათვის პატიმრობაში სამი რჩება.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. ოპოზიციამ ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, ხელისუფლებამ კი „პროტოკოლურ დარღვევებზე“ გააკეთა განცხადება. ბოლო მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ.