საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები მშვიდი ფორმით იმართება, მომიტინგეები ყოველდღე პროტესტის ახალ სიმბოლოებს იგონებენ. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოები აქციებიდან.
ამჯერად პროტესტის სიმბოლოდ წითელი თვალსახვევები იქცა, რომლებითაც მომიტინგეებმა ცალი თვალი აიხვიეს. მათ ასე გამოხატეს იმ ადამიანებისადმი მხარდაჭერა, რომლებსაც პირველი აქციის დაშლის ღამეს თვალები დაუზიანდათ.
ხუთშაბათს, 27 ივნისს მომიტინგეები აპირებენ მსვლელობა გამართონ პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე. შაბათს 29 ივნისს აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობასაც გეგმავენ.
მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოში უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებამ შეასრულა მომიტინგეების მოთხოვნები - პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დატოვა თანამდებობა და ხელისუფლება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებს. ასევე სრულად დაკმაყოფილდა კიდევ ერთი მოთხოვნა - გაათავისუფლეს 21 ივნისის ღამეს დაკავებული ბოლო 51 ადამიანი, რომლებიც პატიმრობაში რჩებოდნენ.
საპროტესტო ტალღა საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სესიის წაყვანას მოჰყვა. გვიან ღამით მშვიდობიანი ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. არეულობის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 პოლიციელი იყო, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი. ამ დროისათვის საავადმყოფოებში რჩება 10 ადამიანი, ორი მათგანი რეანიმაციაშია.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები მიტინგის დაშლაში ადანაშაულებენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას - მისი გადაყენება აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს ბოლო დღეებში, რომ მინისტრის გადაყენების საკითხი არ განიხილება. პარასკევს, 28 ივნისს გიორგი გახარია მიტინგის დაშლის შემდეგ პირველად წარდგება კამერების წინაშე - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ის ისაუბრებს, თუ რა მოხდა 21 ივნისის ღამეს.