თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს თავად, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, რომელმაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს >>
დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნიკანორ მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ, რომელსაც ბრალად ედება თბილისში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე არეულობის ორგანიზება. აღნიშნულ დადგენილებას მხარი დაუჭირა 150–დან 91–მა დეპუტატმა.
მარიამ ჯაშის განცხადებით, შესაძლებელი იყო ალტერნატიული გადაწყვეტილებას მიღება.
„არა იმიტომ, რომ სიმპათიები არსებობს, მასთან ყველაზე ნაკლებად მაკავშირებს ნაცნობობა და თანამშრომლობა, ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნებოდა ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღებაც. იყო ალტერნატივები, შესაძლებელი იყო აღკვეთის ღონისძიების შეცვლა. ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს თავად...დღეს ყველამ ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მიაჩნია სწორად“, - განაცხადა ჯაშმა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა (ნიკანორ) მელია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დღეს დაიბარა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მელიას მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. 25 ივნისს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.
რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.
ნათელაშვილი: რომელი დეპუტატიც მელიას დაკავებას მისცემს თანხმობას, პოლიტიკაში ვერ გაჩერდება >>
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით).
დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.