თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენებას მიზანშეწონილად არ თვლის, აღნიშნულია ომბუდსმენის Facebook- გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რომელმა დეპუტატებმა არ მისცეს ხმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას>>>
დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნიკანორ მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ, რომელსაც ბრალად ედება თბილისში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე არეულობის ორგანიზება. აღნიშნულ დადგენილებას მხარი დაუჭირა 150–დან 91–მა დეპუტატმა.
„მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რაც ახალისებს ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას, განსაკუთრებით ისეთ მწვავე ვითარებაში, როგორიც იყო 20 ივნისის საღამოს, მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც აქციის სასტიკად დარბევისა და უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის!“ - ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
სახალხო დამცველის განცხადებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი შექმნილი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისთვის.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა (ნიკანორ) მელია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დღეს დაიბარა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს მელიას მიმართ, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 25 ივნისს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.
რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით).