გიორგი ვაშაძე: ფეხქვეშ გათელეს საპარლამენტო ინსტიტუცია

© Sputnik / STRINGERგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება

თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. ყველა იმ დეპუტატის სახელი და გვარი, ვინც თანხმობა მისცა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას, ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, როგორც მოღალატეების სახელი და გვარი, განაცხადა „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ქართულ ოცნებას“  ოთხი დეპუტატი ტოვებს?! >>

დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნიკანორ  მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ, რომელსაც ბრალად ედება თბილისში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე არეულობის ორგანიზება. აღნიშნულ დადგენილებას მხარი დაუჭირა 150–დან 91–მა დეპუტატმა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას ხმა არ მისცეს რომან კაკულიამ და მარიამ ჯაშმა. ასევე ბექა ოდიშარიამ, თუმცა მან განაცხადა, რომ ხმა მისცა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო, მისი ხმა ვერ დაფიქსირდა. 

მარიამ ჯაში - Sputnik საქართველო
რატომ არ მისცა მარიამ ჯაშმა ხმა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას

საპარლამენტო ოპოზიციიდან პლენარულ სხდომას მხოლოდ ნიკა მელია ესწრებოდა. ოპოზიციის სხვა წევრები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დასწრებიან. ისინი აპროტესტებდნენ, რომ პროკურატურის მიმართვას თან არ ახლდა მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება მელიას დაპატიმრებაზე ნებართვას ითხოვდა. 

„სამარცხვინოა ახლა მელაპარაკოს რომელიმე მათგანი, რა არის საპარლამენტო ინსტიტუცია. ფეხქვეშ გათელეს საპარლამენტო ინსტიტუცია, საქართველოს ინტერესები. დავალება, გაცემული გავრილოვის მიერ, პირწმინდად შეასრულეს ამ პარლამენტის წევრებმა, ვინც ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შეჩერებას ხმა მისცეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა (ნიკანორ) მელია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დღეს დაიბარა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს  მელიას მიმართ, 20-21 ივნისს  პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 25 ივნისს გენერალურმა  პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.

პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს >>

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით).

დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.

ყველა ახალი ამბავი
0