ნიკა მელია:  ვერ ვიფიქრებდი, რომ ცხოვრებაში შეიძლებოდა ასე ამაყად მეგრძნო თავი

გამოწერა
დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნიკანორ  მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ.

 

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ვიცი, რომ შევალ ივანიშვილის ციხეში და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, გამოვალ თავისუფალ საქართველოში, განაცხადა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.

რატომ არ მისცა მარიამ ჯაშმა ხმა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას>>>

დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნიკანორ  მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ, რომელსაც ბრალად ედება თბილისში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე არეულობის ორგანიზება. აღნიშნულ დადგენილებას მხარი დაუჭირა 150–დან 91–მა დეპუტატმა. 

„ახლა დავრწმუნდი, რომ  ამ 91 ადამიანს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ტყვეობიდან უნდა დავიხსნათ.  შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ,  მათ იმოქმედეს საკუთარი ნების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სახელისუფლებო გუნდს შველა სჭირდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ის პარლამენტთან შეკრებილ გულშემატკივრებს შეხვდება და იქ დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ვერ ვიფიქრებდი, რომ ცხოვრებაში შეიძლებოდა ასე ამაყად მეგრძნო თავი. ისევ რომან გოცირიძის გენიალურ ნათქვამს გავიმეორებ, თმის ღერი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან, ეს არის ფაქტი და თუ ვინმეს აქვს სანერვიულო, ეს ბატონი ივანიშვილია. ვიცი, რომ შევალ ივანშვილის ციხეში და გამოვალ თავისუფალ საქართველოში“, – აღნიშნა მან. 

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გიორგი ვაშაძე: ფეხქვეშ გათელეს საპარლამენტო ინსტიტუცია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა (ნიკანორ) მელია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დღეს დაიბარა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს  მელიას მიმართ, 20-21 ივნისს  პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 25 ივნისს გენერალურმა  პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით).

ყველა ახალი ამბავი
0