თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ავიაკომპანია Armenia–მ რუსეთიდან ნებართვა მიიღო ფრენები ერევნიდან მოსკოვის მიმართულებით თბილისის გავლით განახორციელოს.
საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველო−რუსეთს შორის ავიამიმოსვლები დროებით შეწყდა. კერძოდ, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. გარდა ამისა პირდაპირი რეისების განხორციელება აეკრძალა ქართულ ავიაკომპანიებსაც.
ავიაკომპანია Armenia–ს რეისები Georgian Airways–თან იქნება შეთავსებული. დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ერევანში ტრანზიტული რეისი თბილისი–ერევანი–მოსკოვის მგზავრებისთვის ლოდინის დრო 50 წუთია.
ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს: ურალის ავიახაზები, „პობედა“, „აეროფლოტი“, S7 Airlines, Red Wings Airlines, Smartavia. რეისებს ასევე ახორციელებს ორი ქართული ავიაკომპანია - Georgian Airways და MyWay Airlines.
რუსეთის მოქალაქეები რაოდენობით პირველ პოზიციაზე არიან საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს შორის. 2019 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში რუსეთიდან დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 31%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.