თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. დამიჯერეთ, ეს ბოლო დაპატიმრება არ არის. თუ შედგა ეს დაპატიმრება, ამას კიდევ ბევრი სხვა დაპატიმრება მოჰყვება, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ნიკა მელიას შესაძლოა დაპატიმრების შესახებ პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელია პროკურატურაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ნიკა (ნიკანორ) მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
ამასთან, პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ნიკა მელიას ქმედებებში არ იყო არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული, არ იყო არაფერი, რაც ეწინააღმდეგებოდა მის სტატუსს, როგორც პარლამენტის წევრს,
მისი თქმით, ხელისუფლებამ, პირდაპირი პოლიტიკური დიალოგიდ ნაცვლად ბოლშევიკური ტერორი დაიწყო.
რამდენი ადამიანი გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან – სააპელაციო სასამართლოს ბრიფინგი>>
„დამიჯერეთ, ეს ბოლო დაპატიმრება არ არის. თუ შედგა ეს დაპატიმრება, ამას კიდევ ბევრი სხვა დაპატიმრება მოჰყვება. განწირული ხელისუფლებისთვის ყველაზე მთავარი არის ყურადღების გადატანა ძიძგილაობაზე, დაპირისპირებაზე, ქუჩაში ერთმანეთზე თავპირის მტვრევასა და სასამართლო პროცესებზე, სადაც უდანაშაულო ხალხს გაასამართლებენ იმისთვის, რომ ისინი საქართველოს მოქალაქის პროტესტს შეუერთდნენ“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც თქვა მელიამ, იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ვინახავთ და ამ სადამსჯელო რაზმსაც ჩვენი ფულით ვინახავთ.
ვაშაძის განცხადებით, ხალხი ხელისუფლებას არ აპატიებს იმას, რომ დიალოგის მაგივრად იწყება პოლიტიკური რეპრესიები და ბოლშევიკური ტერორი.
„იმიტომ არიან 90-იანი წლების მემკვიდრეები, რომ სტალინის სისხლი უჩქეფთ ძარღვებში და ჰგონიათ, რომ ციხით, დაპატიმრებით, სასამართლოთი რაღაცას მიაღწევენ. რასაც მიაღწევენ, ამასაც ვნახავთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შსს განაგრძობს იმ პირთა იდენტიფიკაციას, რომლებიც 20–21 ივნისის აქციაზე აშკარადა ძალადობრივად მოქმედებდნენ – „ცდილობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გზით გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცავებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ და ანადგურებდნენ კერძო საკუთრების ობიექტებს“.
ამ ადამიანების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად ზომები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული, ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის ცენტრში უკვე მეექვსე დღეა საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია.
აქციაზე დაშავებულთაგან კლინიკებში 13 პაციენტი რჩება>>
ოფიციალური მონაცემებით, თბილისში პარასკევს, ღამით საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა თუ მასში მონაწილეობის ბრალდებით აქციაზე სულ 305 ადამიანი დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა - შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა.