თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს მიმართავს, ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათები.
საპატრიარქო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მოვლენებმა შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი.
„ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, წელს დასვენება საქართველოში ამჯობინონ.
თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.
საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველო−რუსეთს შორის ავიამიმოსვლები დროებით შეწყდა. კერძოდ, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.
საპასუხოდ საქართველოში დაიწყო ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია #იმოგზაურესაქართველოში, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი შეუერთდა.