თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება თუ როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო 21 ივნისს რუსთაველზე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავებული მოქალაქეების რეაბილიტაციას, ნათქვამია სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას Facebook-გვერდზე.
„პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა“ - ომბუდსმენი ხელისუფლებას მიმართავს >>
„ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს, რამდენად უზრუნველყოფს სახელმწიფო დაშავებულთა როგორც მიმდინარე სამედიცინო, ასევე ხანგრძლივ ვადაზე გათვლილ სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებებს“, – წერს ნინო ლომჯარია.
თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.
20-21 ივნისის ღამეს რუსთაველზე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავებული მოქალაქეები სახალხო დამცველმა მოინახულა.
„ვისაუბრეთ დაშავების გარემოებებზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მკურნალი ექიმებისგან მივიღე“, – დაწერა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას ცნობით, დაშავებულების ასაკი 20-დან 55 წლამდეა და ისინი მკურნალობას გადიან „რეგიონალურ ჰოსპიტალში“ და „ნიუ ჰოსპიტალში“.
„ნიუ ჰოსპიტალში“ მოთავსებულია 4 პაციენტი, რომლებსაც ამ ეტაპისათვის რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ. ექიმების განმარტებით, მათ დაზიანებები მიყენებული აქვთ ძირითადად თავის არეში, დაზიანებული აქვთ თვალი და სახის ძვლები.
„რეგიონალურ ჰოსპიტალში“ მკურნალობას გადის 3 დაშავებული, რომლებსაც ასევე დაზიანებული აქვთ როგორც თვალი, ასევე, მიღებული აქვთ თავის ტვინის სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები.
ნინო ლომჯარიას თქმით, ექიმების განმარტებით, ამ ეტაპზე დაშავებულებს გაეწია ყველა აუცილებელი სამედიცინო მომსახურეობა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებას და შემდგომ რეაბილიტაციას დასჭირდება ხანგრძლივი დრო და ფინანსური რესურსი. ასევე, საჭირო იქნება მკურნალობის შემდგომ ეტაპზე ფსიქოლოგების ჩართვაც.
აქციაზე პარლამენტის წინ ერთ–ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა >>
21 ივნისს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ამ ეტაპზე, 10 სამართალდამცველს, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება. მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.