მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში საზოგადოებას შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
მსახიობი წერს, რომ გახარია საქართველოს სჭირდება და ყველამ უნდა მოაწეროს პეტიციას ხელი, რომ მინისტრი არ გადადგეს.
მსახიობმა „ფეისბუქის“ პროფილზეც გიორგი გახარიას ფოტო დააყენა და დაწერა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი პროფილის ავატარზე ქართველი კაცის ფოტოა.
„პირველი არის გიორგი გახარია. ჩემი უღრმესი პატივისცემა, ლოცვა მასზე და მხარდაჭერა ქალისგან, რომელმაც იცის სიმართლის ფასი! ჩემი მხარდაჭერა - თქვენ. ბნელების მინისტრობა არაფერია, მაგრამ არ წახვიდეთ, გთხოვთ. პირველად ცხოვრებაში ვგრძნობდი თავს დაცულად როგორც მოქალაქე თქვენი მინისტრობის დროს", - წერს მსახიობი.
გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლას ითხოვს >>>
მისმა განცხადებამ სოციალური ქსელის მომხმარებლები გააღიზიანა და მას შეახსენეს, რომ სწორედ გახარიას ბრძანების გამო დაკარგა 18 წლის გოგომ თვალი, რაზეც შაფათავამ უპასუხა, რომ ქუჩაში იმ დროს 18 წლის გოგოს არაფერი ესაქმება.
„ახალგაზრდებმა ტვინიც უნდა გაანძრიონ ხოლმე, რომ მიტინგი „ტუსოვკა“ არაა. სანამ მწარდებოდნენ, მიმოეხედათ რა ცუდ „სასტავში“ მოხვდნენ. რაც შეეხება სახეში სროლას, ეგეც პროვოკაციაა შიგნიდან“, - წერს მსახიობი.
20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა, 19 კვლავ კლინიკებში რჩება. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი.